ექვსი „გრემის“ მფლობელი პოპშემსრულებელი, კრისტინა აგილერა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 40-კაციანი შემადგენლობით, საქართველოს ესტუმრება, 30 ივლისს კი, ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული გრანდიოზული საკონცერტო დარბაზის, „ბლექ სი არენას“ გახსნაზე იმღერებს. დარბაზი 9500 კაცს იტევს. ბილეთების ფასები შემდეგნაირია: არის 50, 70, 80, 90-ლარიანი ბილეთები, ე.წ. „გოლდენ რინგის“ ბილეთი 100 ლარი ღირს, ასევე გამოყოფილია 150-200-250-ლარიანი ბილეთებიც. გარდა ამისა, რასაკვირველია, არენაზე ვიაიპი ადგილებიცაა, ჯამში სულ 335, თითოეულის ღირებულება 600 ლარია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ საუკეთესო ადგილები და შესაბამის მომსახურებასაც გულისხმობს… ბილეთები 12 ივლისს, დილის 9 საათიდან, საიტზე Tkt.ge იქნება ხელმისაწვდომი.
იმის გათვალისწინებით, რომ პოპდივა საქართველოში საკმაოდ დიდი ჯგუფით ჩამოდის და თანაც, კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, ნათელია, რომ ის ქართველი მაყურებლისთვის ნამდვილ ფოიერვერკს ამზადებს და სცენაზე ცეცხლს დაანთებს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად აგილერა, რომლის შოუც ერთ-ერთ ყველაზე ძირად ღირებულ სანახაობად მიიჩნევა, ტურნეში არ არის. შესაბამისად, „ბლექ სი არენის“ გახსნისთვის ექსკლუზიურად ჩამოდის, რაც ამ ღონისძიებას ორმაგად საინტერესოს ხდის. შოუ რომ მასშტაბური იქნება, ამის გარანტიას ერთი მხრივ კრისტინა აგილერას სახელი და გვარი იძლევა, მეორე მხრივ კი ის უმაღლესი დონის აპარატურა, რომლითაც „ბლექ სი არენაა“ აღჭურვილი.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრის მოადგილე, კახი კანდელაკმა განაცხადა, მსგავსი ტიპის უახლესი აპარატურა რობი უილიამსისა და „მარუნ 5“-ის კონცერტზეც კი არ ჩამოსულა და ეს საქართველოს სახელმწიფოსთვის უდიდესი შენაძენია, ვინაიდან მეგავარსკვლავების მომდევნო კონცერტებისთვის აპარატურა უცხოეთიდან კონტეინერებით აღარ იქნება ჩამოსაზიდი. შეგახსენებთ, რომ „ბლექ სი არენა“ ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა, ყველა დიდ პროექტს თავად დააფინანსებს, ხოლო შემოსავალი ბიუჯეტში შევა…
რაც შეეხება თავად პოპშემსრულებელს, ყველა დეტალს მისი კონცერტის შესახებ „ბლექ სი არენის“ ივენთ-მენეჯერი, ანი კავლელიშვილი ექსკლუზიურად „ფორტუნას“ უმხელს.
ანი კავლელიშვილი:
კრისტინა აგილერა ბათუმში, 40-კაციან ჯგუფთან ერთად, კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოფრინდება და „ბლექ სი არენაზე“, 30 ივლისს გამართავს მეგაშოუს. ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოდის დეკორაცია და ის იქნება საინტერესო არა მხოლოდ ვოკალურად თუ მუსიკალურად, არამედ სანახაობრივი თვალსაზრისითაც, ვინაიდან მომღერალს თან მოჰყავს თავისი მოცეკვავეებიც.
შოუ გაგრძელდება საათსა და 15 წუთს. აგილერა შეასრულებს ყველასთვის ცნობილ ჰიტებს და ახალ სიმღერებს ახალი ალბომიდან.
ჟურნალისტებს გვექნება მასთან შეხვედრის საშუალება?
მაქსიმალურად ვმუშაობთ მის აგენტებთან, რომ ქართველ ჟურნალისტებს ჰქონდეთ მასთან მცირე ინტერვიუს ჩაწერის საშუალება მაინც. მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს და მათგან საბოლოო პასუხს ველით.
რაიმე განსაკუთრებული ვარსკვლავური მოთხოვნები თუ აქვს?
ბოლო პერიოდში საქართველოს ძალიან აქტიური შეხება აქვს მსოფლიო ვარსკვლავებთან, ასე რომ კარგად არის ცნობილი, რომ ასეთი დონის შემსრულებლებს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ. კრისტინა აგილერა ამ მხრივ ძალიან კომფორტული შემსრულებელი აღმოჩნდა და არაფერს ისეთს არ ითხოვს, რასაც ჩვენ ვერ შევუსრულებთ. თუმცა არის დეტალები, რომლებიც მომღერლის გემოვნებას უნდა მოერგოს, საგრიმიოროების მოწყობას ვგულისხმობ. ვისაც ჰქონდა საშუალება, ენახა „ბლექ სი არენის“ საგრიმიორები, კარგად მოეხსენება, რომ ისინი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი. კრისტინა აგილერას და მის აგენტებს ეს აკმაყოფილებთ, უბრალოდ, დავიქირავეთ დიზაინერები, რომლებიც მცირე შტრიხებს შეიტანენ საგრიმიოროებში. კრისტინას, როგორც ყველა ქალს, უყვარს შოკოლადი და ყვავილები, რასაც აუცილებლად დავახვედრებთ (იღიმის).
ნინო მურღულია