თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესზე, გუშინ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ის წევრები დაკითხეს, რომლებიც 2020 წლის 21 მაისს შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს.
როგორც მოგვიანებით ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ განაცხადა, დღეს დაკითხულ არცერთ მოწმეს ცალსახად არ მიუთითებია, რომ სპორტსმენის მხრიდან ძალადობრივი ქმედება განხორციელდა, რადგან ისინი მომხდარ ფაქტს არ შესწრებიან:
“მნიშვნელოვანი იყო სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენება, რომელმაც ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მხოლოდ მცირედი ესკორაცია კანის აქერცვლის სახით. ის ტკივილს არ განიცდიდა და კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანება – დოროყაშვილმა მის წარმომავლობაზე ვერ მიუთითა.
ექიმის ჩვენებიდან ცალსახად დგინდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან 2020 წლის 21 მაისს არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა. თითოეული სხდომის შემდგომ კიდევ ერთხელ დგინდება ბრალდებული ბასილაშვილის უდანაშაულობა.
ბრალდების მხარეს, ნებისმიერ ეტაპზე, შეუძლია მოწმის სახით გამოიძახოს ნიკოლოზ ბასილაშვილი. როგორც კი ექნება შესაძლებლობა, ის ჩამოვა და დარბაზში დაესწრება საქმის არსებით განხილვას. სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, დადასტურდება მისი უდანაშაულობა.” – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენეთ, ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა, რომ ქორწინებაში ყოფნის დროს, მასზე მეუღლე სისტემატურად ძალადობდა.
2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს და ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარუდგინეს.
ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.