ცნობილი ექიმი-რეპროდუქტოლოგი ნინო მუსერიძე ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს, თუ რატომ აირჩია საკუთარი პროფესია:
მომავალში რომ რეპროდუქტოლოგიაში მოვხვდებოდი, ამაზე არ მიფიქრია. ეს ჩემი ცხოვრების პირობებმა მოიტანა. უშვილობის გზა თავად გავიარე. 5 წლის განმავლობაში შვილი არ მიჩნდებოდა. საშინელი 5 წელი გავატარე და, რაც მთავარია, ყველაფერს ვმალავდი, რომ გარშემომყოფების მეტი ინტერესი არ გამომეწვია. 18-19 წლის გოგოსთვის ეს დიდი ტრაგედია იყო, როდესაც ხარ გათხოვილი და არ გყავს შვილი.
საქართველოდან როცა წავედი, 23 წლის ასაკში, იქ მითხრეს, რაზე ნერვიულობ, რატომ თვლი, რომ უშვილო ხარ, ჯერ 23 წლის ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვსო. უბრალოდ, საქართველოში იყო ეს სტიგმა, რომ თუ გათხოვებისთანავე მალევე ორსულად არ დარჩებოდი, ესე იგი უშვილო იყავი. საქართველოში ყოველდღე ვაწყდებოდი კითხვას, რატომ არ გიჩნდება შვილიო. იმდენად ტრავმულია ეს კითხვა, დღემდე მაქვს ჩვევად, რომ არასდროს არავის ვეკითხები, ორსულად არის თუ არა…“