ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ეტაპობრივად, ელექტრონულ ფორმატზე გადავა, პროექტის პირველი ეტაპი კი ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა. დავით სერგეენკოს თქმით, ელექტრონული რეცეპტების სისტემის ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო პროექტში 30-მდე აფთიაქია ჩართული. ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებებში.
„რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა. ქსელში ჩართულ აფთიაქებს ჩანაწერზე წვდომა მაშინვე ექნებათ. პაციენტი, როდესაც ის აფთიაქში მივა, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მან რეცეპტი ხელით ატაროს. იგი აფთიაქის წარმომადგენელს ეტყვის გვარს, სახელს, პირად ნომერს და აფთიაქს სრული წვდომა ექნება მის მონაცემებთან“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ელექტრონული რეცეპტის სისტემა ოპერატიულია და პაციენტებს აღარც ექიმის გაურკვეველი ხელწერის პრობლემა ექნებათ, მედიკამენტის შერჩევასა და დოზირებაში კი გამოირიცხება შეცდომა.