ყველაფერი 1975 წლის 1 ივნისს დაიწყო… ამ დღიდან უზარმაზარი ტვირთის ზიდვა იწყება. ექიმის გაუთვალისწინებელმა საქციელმა, პატარა გოგონას და მის ცხოვრებას, დაბადებიდან მნიშვნელოვანი დაღი დაასვა… ალბათ, რთულია არჩევანი გააკეთო მაშინ, როდესაც შვილის და ახალგაზრდა დედის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.
ვინ იცის ამ დროს, რა არის ექიმის განაჩენი. ისტორია, რომლსაც ჩვენი რესპოდენტი გვიყვება ძალიან მძიმე მოსასმენია. თუმცა, მაგალითია იმისა, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები და ჩვენი წილი ბედნიერება ვიპოვნოთ.
თამარ სარალიძე გვიყვება, რომ მიუხედავად სირთულეებისა ცხოვრებას აგრძელებს და თავისი ოცნებების ასრულებას ცდილობს..
რა მოხდა? რა შეცდომა დაუშვა ექიმმა?
6 კილოგრამი დავიბადე. როგორც მშობლებმა მიამბეს, მშობიარობის პროცესი ძალიან რთული აღმოჩნდა. ექიმი არჩევანის წინაშე დადგა. დედა ან შვილი… დაბნეულობის ნიადაგზე ჩვილ ხელში მწვდა და დედის სხეულს მომგლიჯა. ალბათ, იმ წამებში ვერ გაიაზრა, რომ თავის დაუდევრობით, არა მხოლოდ მე, ჩემს მშობლებსაც დაუნგრია მომავალი. მთელმა ჩემმა ბავშვობამ სავადმყოფოს კედლებში გაიარა. მამას დაჟინებული სურვილი იყო, შეუძლებელი გაეკეთებინა, რადგან ექიმების უმრავლესობა, აბსოლუტურ უიმედობას იძლეოდა. მიღებული მქონდა მარჯვენა მხარის პარალიზება. შემდეგ, ცერებრალური დამბლა განვითარდა.
როდესაც გააცნობიერე, რომ განსხვავებული იყავი
წარმოუდგენელი ტვირთია… საკუთარ ტკივილზე მეტად, ორჯერ მტკივნეულია, მშობლებს შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარულის განცდა წაართვა და მათი ცხოვრებაც ჯოჯოხეთად აქციო. 16 წლის ასაკში, შემთხვევით ჩანაწერების დღიურს წავაწყდი, სადაც ჩემი დაბადების წუთიდან, ყველა დეტალი იყო აღწერილი. თავიდან ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა. შემდეგ, დედამ ამიხსნა, რა იყო ამ დღიურის შექმნის მიზეზი. იქედან გამომდინარე, რომ ექიმები არ გვაიმედებდნენ, მამამ თქვა:
„ჩვენ ერთი წამითაც არ მოვდუნდებით. ყველაფერს გავაკეთებთ. შეუძლებელსაც კი და ამ ყველაფრის დაწერა დამავალა. როდესაც ჩვენი შვილი გაიზრდება და საკუთარ ტკივილთან შეჯახება მოუწევს, მან უნდა იცოდეს, რომ მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიზოგავს. მისი ტკივილი, კიდევ უფრო არ უნდა დამძიმდეს იმაზე ფიქრით, რომ იქნებ ეცადათ, იქნებ რაღაც გამოვიდოდა“..
სწავლის პერიოდი როგორი იყო… ბულინგის მსხვერპლი ხომ არ გამხდარხართ? როგორ შეძელი განათლების მიღება?
არა, არანაირად. პირველ რიგში, ოჯახის წევრები ძალიან სწორად უდგებოდნენ ჩემს მდგომარეობას. საუკეთესო კლასელები მყავდა. იმდენად კარგი ურთიერთობა მქონდა მათთან, ხანდახან ვფიქრობდი ხომ არ ვეცოდებოდი, მაგრამ არა. ისინი კარგი მეგობრები იყვნენ.
შემდეგ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ონკოლოგიურ საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია გავიკეთე. ამის გამო, საკუთარ ქალაქში მომიწია სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა. იმ პერიოდისთვის, დამოუკიდებელი ტელევიზიები, არა მხოლოდ რეგიონში, ზოგადად საქართველოშიც იშვიათობას წარმოადგენდა. სწორედ ზესტაფონის ტელევიზიაში მუშაობის პერიოდს უკავშირდება, გოგი დოლიძის უკანასკელი სატელევიზიო ჩანაწერი, რომელიც ჩემი ავტორობით მომზადდა. მძიმე ცხოვრების მიუხედავად, ყველაზე დიდი ტკივილი, მამის გარდაცვალებით მივიღე და ეს ლექსიც, იმ პერიოდში დავწერე:
„შენმა წასვლამ ჩემს ცხოვრებას,
მძიმე კვალი დაამჩნია…
დროს რომ ძალუძს განკურნება,
ალბათ ტკივილს გააჩნია“ …
პირად ცხოვრებაზე რისი თქმა შეგიძლია?
პირად ბედნიერებაზე ფიქრსაც კი ვერ ვბედავდი, რადგან ქართველი სადედამთილოებისთვის, მხოლოდ დიპლომიანი „მახინჯი“ სარძლო ვიყავი და ამას დაუფარავად მაგრძნობინებდნენ. ბოლო რამდენიმე წელია, საბოლოოდ გადავწყვიტე, დედის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იმერეთის ერთ-ერთ გამორჩეულ სოფელში, ქვედა საზანოში მამის აშენებულ სახლში მეცხოვრა. სოფლად ცხოვრებას საკმაოდ ბევრი სირთულეები აქვს. განსაკუთრებით ქალისთვის, მაგრამ მაინც შევძელი.
შინაური ცხოველები და ფრინველები მყავს. ასევე, მიწას ვამუშავებ და მოსავალი მომყავს. ამ პერიოდში, სხვადასხვა სამსახურიდან არაერთი შემოთავაზება მქონდა. თუმცა, კარიერაზე უარის თქმა მომიწია, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი საქმიანობით…
რა იქნება ხვალ? ამაზე გიფიქრია?!
თითქმის არასოდეს ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ხვალ ან იქნებ, გავურბივარ ამაზე ფიქრს?! იცით, რაც წლები მემატება, მარტო დარჩენის მეშინია, მაგრამ იქვე, შიშს ზურგს ვაქცევ და ვძლიერდები დედაზე ფიქრით, რომ მას ჰაერივით ვჭირდები. ეს კი ყველა შიშზე ძლიერია.
ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი მყავს ირგვლივ. მიყვარს ჩემი სოფელი, მეზობლები, მეგობრები. მიწაც კი მიყვარს და კიდევ ჩემი ძაღლი ბუყუ, რომელიც შვილივით გავზარდე (იღიმის).
ყველაზე მთავარი, რაც მაძლიერებს, სიძულვილის გრძნობა არ მაქვს. ის ექიმიც კი არ მეზიზღება, რომელმაც 45 წლის წინ ჩემი ჯოჯოხეთური ცხოვრების ისტორია დაიწყო.
ჩემი ლექსებიდან……
„რამდენი დარდი არის უთქმელი,
გულზე ლოდივით რომ დამწოლია,
დაბადებიდან მოვათრევ ტკივილს,
ტკივილის, რომელიც ჩემი ტოლია“.
მინდა, ყველა ადამიანს ვუთხრა, რომ მე სხვისი შეცდომა დავამარცხე… ხალხი და მიწა შევიყვარე.. ასე, რომ იყავით ძლიერები და სამყარო თავად გაჩუქებთ კუთვნილ ძალას და ბედნიერებას.
ავტორი: ნანკა ქოქიაშვილი