LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები “ომიკრონის” პიკს 2 კვირაში ელოდებიან – სადღესასწაულო პერიოდში, ექიმები ინფიცირების მაჩვენებლის მატებას პროგნოზირებენ

132
გარდაცვლილი კორონავირუსი

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში კვლავ მძიმეა. ექიმების განცხადებით, მდგომარეობას კორონავირუსის ახალი ვარიანტი კიდევ უფრო ართულებს.

ექიმები სადღესასწაულო პერიოდში, მობილობის ზრდიდან გამომდინარე, ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლების მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ.

“მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ როგორღაც გაწონასწორებულად და მეტი სიფხიზლით შევხვდეთ ამ სადღესასწაულო დღეებს, რათა ახალი წლის დღეების შემდგომში არ მოხდეს მასიურად კიდევ უფრო მეტად მომატება ინფიცირებულთა რიცხვის,” – ამბობს პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაკა ბულეიშვილი.

მე-6 ტალღისგან თავის ასარიდებლად ეპიდემიოლოგები მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ “ომიკრონის” შემთხვევების პიკი საქართველოში იანვრის მეორე ნახევრის შემდეგ დაფიქსირდება. მისი თქმით, ამის ვარაუდი სხვა ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით შეიძლება.

“ომიკრონის” ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს სწორედ მისი უფრო მეტი გაახალგაზრდავება და მათ შორის ბავშვებში შემთხვევების რაოდენობის მატება. გარკვეულ ეტაპზე საქართველოში შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, ჯერჯერობით, შემთხვევები კლებადია და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში “ომიკრონის” მიერ გამოწვეული მაქსიმუმი სავარაუდოდ, ალბათ იქნება იანვრის მეორე ნახევრის შემდეგ. ეს არის ის სტატისტიკა, რასაც გვაძლევს ის ქვეყნები, სადაც “ომიკრონმა” პირველი შემთხვევების დაფიქსირებიდან პიკამდე 3-4 კვირიანი პერიოდი გაიარა,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.