აუტისტური სპექტრის აშლილობის შემთხვევების ზრდასთან ერთად, იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებსაც დიაგნოზი მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში დაუსვეს. ამის შესაძლებლობას მედიკოსებს გაუმჯობესებული ტექნოლოგიები და ახალი მეთოდები აძლევს.
მსოფლიო კინოს გამორჩეული ვარსკვლავი, სერ ენტონი ჰოპკინსი ცოტა ხნის წინ შეუერთდა იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც დიაგნოზი შუა ხნის ასაკის შემდგომ დაუსვეს. მსახიობს, რომელიც ამჟამად 82 წლისაა, აუტიზმისათვის დამახასიათებელი სიმპტომები წლების განმავლობაში ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ დიაგნოზის დასმა მხოლოდ ახლა მოხერხდა. აუტისტური სპექტრის აშლილობის მსუბუქ ფორმასთან ერთად, ჰოპკინსს ასპერგერის სინდრომიც დაუდგინდა.
„მთელი ცხოვრება მიჭირდა სადმე დამკვიდრება. არასოდეს მიყვარდა წვეულებები და თავშეყრის სხვა ადგილები, არც ბევრი მეგობარი მყავდა. სხვა ადამიანებთან ყოფნისას მუდამ პრობლემებში ვეხვეოდი“- აცხადებს მსახიობი და დასძენს, რომ ახლა უკვე იცის ამის მიზეზი.
როგორიც ცნობილია, ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს უნიკალური მეხსიერება აქვთ, თუმცა ფოკუსირება მხოლოდ ინტერესთა ვიწრო სფეროზე შეუძლიათ. ჰოპკინსსაც და მსოფლიო კინემატოგრაფსაც ძალიან გაუმართლათ, რომ მსახიობმა თავისი უნარები მთლიანად კინოსკენ მიმართა.
ენტონი ჰოპკინსის უნარი, დაემახსოვრებინა ზეპირად მთელი სცენარები და არა მხოლოდ თავისი პერსონაჟის მონოლოგები, კარგა ხანს იწვევდა აღტაცებას ჰოლივუდში. იგი ცნობილია იმითაც, რომ ფლობს უიშვიათეს უნარს, მთლიანად გარდაისახოს თავის პერსონაჟად. როგორც აღმოჩნდა, ჰოპკინსი ამ უნარებს ნაწილობრივ სწორედ აუტისტური სპექტრის აშლილობას უნდა უმადლოდეს.