“ნაციონალური მოძრაობა” ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის გამო საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.
“სამწუხაროდ, უკვე დადასტურდა, რომ ქართულმა მხარემ ბორჯომის ხეობაში ხანძრის კრიზისის დროს, ოფიციალური ნოტით რუსეთის მიმართა. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში მთლიანად ჩამოშლილია უშიშროებისა და უსაფრთხოების სისტემა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხარესთან პირდაპირ თანამშრომლობს, რათა ქვეყანაში განამტკიცოს ის მითები, რომელში დარწმუნებასაც რუსეთი ჩვენი მოსახლეობისას ცდილობს. რუსეთის პროპაგანდის მთავარი სამიზნე ჩვენი მოქალაქეები არიან და მათი დარწმუნება ხდება იმაში, რომ საქართველოს რუსეთის გარეშე არ შეუძლია.
“როცა ქართული მხარე რუსეთს კრიზისის დროს დახმარებას სთხოვს, ეს ოკუპანტი სახელმწიფოს მიზნებისთვის ხელის შეწყობაა. ამის უპასუხოდ დატოვება შეუძლებელია. საგარეო საქმეთა სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მივმართავ და ვითხოვ, რომ ქრონოლოგიურად დალაგებული ინფორმაცია მომაწოდონ იმის თაობაზე, როდის, ვის, რა დროს მიმართეს დახმარებით. ასევე ვითხოვ, რომ პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში გამოცხადდეს და პასუხი ყველა კითხვას გასცეს, რაც მრავლად გვაქვს დაგროვებული. ეს იქნება საპარლამენტო გამოძიების პროცესი, რომელიც ხელისუფლების მიზნებს სააშკარაოზე გამოიტანს,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.