LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენის შემწავლელი კურსები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება

27

კურორტ გოდერძიზე უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით დაწყებული ინგლისური ენის კურსები დასრულდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში კურორტზე და მის მიმდებარედ სოფელ დანისპარაულში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 30-ზე მეტი თანამშრომელი გადაამზადა. ენის კურსებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ის ძირითადი, საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც სტუმარ-მასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას სჭირდებათ.

„კურორტ გოდერძის ტურისტული მიმართულება  დიდი პოპულარობით სარგებლობს და იქ განსაკუთრებით დადგა ენის შესწავლის აუცილებლობა. კურსის ძირითადი მიზანია  სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული მარტივი საკომუნიკაციო უნარებით აღვჭურვოთ ის მოქალაქეები, რომლებსაც უკვე ინტენსიური შეხება აქვთ უცხოელ ტურისტებთან. ჩვენ ასევე, ვამზადებთ სასწავლო ვიდეოგაკვეთილებს CD-ის სახით, რომლებიც მთლიანად იქნება მორგებული სტუმარმასპინძლობის თემატიკაზე. ვიდეოგაკვეთილები საშუალებას მისცემს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს თავისუფალ დროს, დამოუკიდებლად განამტკიცონ ცოდნა, ტერმინები და ფრაზები რაც ტურისტებთან ურთიერთობისთვისაა აუცილებელი. ჩვენ ეს პროექტი წელს პირველად დავიწყეთ, თუმცა მის გაგრძელებას აუცილებლად ვგეგმავთ სხვა ტურისტულად აქტიურ მუნიციპლიტეტებში.  ეს არ არის მხოლოდ ენის კურსები, ის ამავე დროს ტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებაცაა. კურორტ გოდერძზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის შენება, რაც იმას გარანტია, რომ რამდენიმე წელში კურორტი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ გვინდა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ადგილობრივები სრულად ყველა კუთხით იყვნენ მზად ტურისტების დიდი ნაკადების მისაღებად,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2017-2018 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის, „ტურიზმის განვიათერბის სკოლა“ ფარგლებში,  აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი გადამზადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები