ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს საშინაო დავალება შესრულებული აქვს. ამის შესახებ “ფორტუნას” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დასრულდა ბოლო რაუნდი, მოლაპარაკებები შედგა და როგორც ქართულმა მხარემ, ასევე ევროკომისიამ ერთმანეთის პოზიციები გაიზიარეს.
”მინდა გითხრათ, რომ შეთანხმება შემდგარია. ყოველ შემთხვევაში საქართველოს საშინაო დავალება უკვე შესრულებული აქვს. ახლა იწყება ფორმალური პროცედურები ევროკომისიის მხრიდან მინისტერიალისთვის, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. იქ უკვე მომზადებული პოზიციით ქვეყნებმა უნდა დააფიქსირონ თანხმობა საქართველოს გაწევრიანებაზე”, – განაცხადა ვალიშვილმა.
მისივე განმარტებით, მინისტერიალი ეს არის პლატფორმა, სადაც ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებაზე განცხადებები მიიღება. ”ჩვენ ეს სტატუსი უფრო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს გვაძლევს და ერთი ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესისკენ, რომელსაც საქართველო განუხრელად მიყვება”.