LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენერგოეფექტურობის ცენტრი“ მშენებლობის კოდექსში რეგულაციების ჩადებას ითხოვს

107

„ენერგოეფექტურობის ცენტრი“  მშენებლობის კოდექსში რეგულაციების ჩადებას უშედეგოდ ითხოვს.

როგორც „ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოს“ დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა ”ფორტუნას” განუცხადა, სამშენებლო კოდექსში რეგულაციების ჩადება, სავარაუდოდ, არ მოხდება, რადგან ხელისუფლება მზად არ არის, სამშენებლო კომპანიები დაავალდებულოს დაიცვან ენერგოეფექტურობის მოთხოვნები.

„თუ სამშენებლო კომპანია მშენებლობის დროს ენერგოეფექტურობის ნორმებს დაიცავს, ბინის მეპატრონეები ელექტროენერგიის და გაზის ნაკლებ ღირებულებას გადაიხდიან. ეს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესშიც შედის, რადგან საქართველოში გაზი იმპორტირებულია და ძვირია. ხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტიც.“ -აღნიშნა აბულაშვილმა.

მისი თქმით, ნორმის ამოქმედების შემთხვევაში მშენებლობის ფასი შეიძლება გაძვირდეს, მაგრამ არც ისე მნიშნვნელოვნად, რომ მომხმარებელმა მისი ყიდვა გადაიფიქროს, მით უფრო, რომ ბინიდან სითბოს დაკარგვა მინიმუმამდე იქნება დასული და კომუნალური გადასახადებიც ნაკლები იქნება.

„მშენებელმა და არქიტექტორმა უნდა გადაწყვიტონ რა მასალებით მიაღწევენ ამას. მეტრანახევარი სისქის აგურის კედლით, როგორც ძველ თბილისში იყო მაგალითად, თუ ააშენებენ თანამედროვე სინთეტური ან ნახევარსინთეტური თხელი კედლით. ეს არქიტექტორების გადასაწყვეტია და აქედან გამომდინარე განისაზღვრება სიძვირე. სამშენებლო კომპანიები ამბობენ, რომ ასე კვადრატული მეტრის თვითღირებულება 15-20 დოლარით გაძვირდება, რაც საბოლოო ფასზე სერიოზულ გავლენას, ცხადია, ვერ მოახდენს.“- აღნიშნა გიორგი აბულაშვილმა.

საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  სამშენებლო კოდექსის პროექტზე მუშაობს. ენერგოეფექტურობის ნორმების დაცვას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. ამჟამად მოქმედი კოდექსის მიხედვით, სამშენებლო კომპანიებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, ააშენებენ თუ არა საცხოვრებელ კორპუსებს ენერგოეფექტურობის ნორმების დაცვით, თუმცა ამის ვალდებულება მათ არ გააჩნიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები