“ენერგო-პრო ჯორჯია” ითვალისწინებს თანამშრომელთა მოთხოვნას ხელფასების მატებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს.
”ჩვენ ვთანამშრომლობთ სემეკთან, რათა ტარიფით მოგვეცეს საშუალება დასაქმებულებს ანაზღაურება გავუზრდოთ”, – განაცხადეს ”ენერგო-პრო ჯორჯიაში”.
მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სემეკს მოუწევს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტარიფი გაზარდოს, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტარიფის დადგენა ”ენერგო-პრო ჯორჯიას” კომპეტენციის ფარგლებს სცდება და ეს სემეკ-ის გადასაწყვეტი საკითხია.
საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირი “ენერგო-პრო ჯორჯიაში” დასაქმებული 5 ათასამდე თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვს. ამ მოთხოვნით 28 დეკემბერს , საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობის წინ, ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის ორგანზებით, აქცია გაიმართება. ამის შესახებ ”ფორტუნას” ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზეინაშვილმა განუცხადა.