კანონპროექტის ინიციატორი, რომლის თანახმადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა გახდეს, ემზარ კვიციანი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ პროექტის განხილვა დღეს პარლამენტში კენჭისყრიდან მოიხსნა, თუმცა იმედოვნებს, რომ ინიციატივის განხორციელება კიდევ 5 წლით არ გადაიდება. ამის შესახებ მან გადაცემა „პირისპირში“ განაცხადა.
კვიციანი აკონკრეტებს, რომ მისი ინიციატივა ყველა კონფესიის წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობის დაცვას გულისხმობს და განმარტავს, რომ შეურაცხყოფაა, მაგალითად პატრიარქის გინება, “უწმინდურ ადგილებში წმინდანების გამოსახვა“, თუმცა მისი თქმით, შეურაცხყოფად არ უნდა ჩაითვალოს სიტყვები – “ფუი ეშმაკს“ და ა.შ
„აზრის გამოხატვის გამო არავინ ციხეში არ მოგახვედრებთ. ციხეში მოხვდებით გინების და პრეზერვატივზე დახატული წმინდანის გამო“, – განმარტავს ემზარ კვიციანი.
შეგახსენებთ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა საქართველოში ერთწლიანი პატიმრობით შეიძლება, დაისაჯოს.ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრის, ემზარ კვიციანის, ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ქართული ოცნების დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.
პროექტის მიხედვით, ერთ წლამდე პატიმრობით უნდა ისჯებოდეს მორწმუნეების, ღვთისმსახურების, რელიგიური სიწმინდეების მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გავრცელება, რომელიც რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. 2 წლამდე პატიმრობით კი – რელიგიური სიწმინდეებისა და შენობების დაზიანება.
კანონში იქნება გამონაკლისი – დანაშაულად არ ჩაითვლება სასულიერო პირის მიერ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი განცხადებები.