LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ჯაშმა ქართული ოცნება დატოვა

314
a32f02ca7a1dc54756bb851fcf79b000-XL

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნება“ დატოვა. ჯაშმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ კენჭისყრიდან 3 საათის შემდეგ იმიტომ მიიღო, რომ ეს ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო. მისი თქმით, ეს პრინციპული არჩევანია.

„თითქმის სამი საათი გავიდა კენჭისყრის შემდეგ. ეს დრო სპეციალურად გამოვიყენე, რომ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო ემოციურ ფონზე მიღებული. ასევე ჩემთვის ძალიან ბევრი კოლეგა და მეგობარი რჩება „ოცნებაში“ და ეს დრო გამოვიყენე, რომ მათთან მქონოდა გასაუბრება და ჩამეყენებინა ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში. მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და შესაბამისად, ვტოვებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს დისკუსია, რომელი საარჩევნო სისტემაა უკეთესი, ამ შემთხვევაში პრინციპული საკითხი იყო, რომ გაგვეტანა საზოგადოებისთვის 2 თვის წინ მიცემული პირობა. ჩემთვის ყოველთვის საამაყოდ დარჩება ის ინიციატივები და ნამდვილად ისტორიული ცვლილებები, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოიტანა საქართველოში, ყოველთვის ვიამაყებ ჯანდაცვაში, ციხეში, განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, მაგრამ ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის არმიღება დღეს მე არშემიძლია“, – განაცხადა ჯაშმა.

მარიამ ჯაში მერვე დეპუტატია, რომელმაც დღეს უმრავლესობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმაც დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები