1989 წლის, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა ჯარისკაცებმა უმოწყალოდ დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი. ასევე, მოიწამლა, დაიჭრა და დასახიჩრდა რამდენიმე ასეული მოქალაქე.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს – 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა
ტრაგედია, რომელმაც თავისუფლება მოიტანა
“ძალიან მძიმე დღეა. ემოციები თითქმის არ განელებულა. შეიძლება ითქვას, რომ სრულიად საქართველო იდგა 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე. ყველა თანაუგრძობდა იმ იდეას, რისთვისაც იყვნენ შეკრებილი, რასაკვირველია, არა მხოლოდ თბილისელები” – ასე იხსენებს, 9 აპრილის ტრაგედიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, ზურაბ გაიპარაშვილი.
“უნივერსიტეტში ვმუშაობდი და მეც ახალგაზრდა მონაწილე ვიყავი. ის ეპოქა, რომელიც ცხრა აპრილს დაგვირგვინდა, ჩემთვის დაიწყო 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც თვალნათლივ დავინახეთ, რომ საბჭოთა რეჟიმი გვართმევდა ქართულ ენას.
უშუალოდ აპრილის მოვლენებს წინ უძღოდა 1989 წლის მარტში ლიხნში გამართული კრება, სადაც აფხაზებმა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა მოითხოვეს. ამას მოჰყვა თბილისიდან ქართველების მხადასაჭერად ჩასვლა აფხაზეთში, სადაც 3 აპრილს გაიმართა დიდი მიტინგი, თბილისში საპროტესტო მღელვარება 4 აპრილს დაიწყო. შემდგომ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა იქაური საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. ბორის ადლეიბას გათავისუფლებით ლიხნის პეტიციის ავტორების ერთგვარი დასჯა მოხდა.
ეს თითქოსდა უნდა გამხდარიყო რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციის დაშლის საბაბი. „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ლიდერები ამას მოსთხოვდნენ, თუმცა, ეროვნული მოძრაობის მეორე ნაწილი არ დაეთანხმა ამ აზრს და გაგრძელდა მიტინგები, რომლის მთავარ მოთხოვნად უკვე საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა იქცა”, – იხსენებს “ფორტუნასთან” ზურაბ გაიპარაშვილი.
ახალგაზრდების ტრაგედიით დაწყებული თავისუფლება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხში არასდროს ჩამკვდარა ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის სურვილი, არც მეფის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნისას და არც საბჭოთა რეჟიმის ეპოქაში.
“თუ გავიხსენებთ ისტორიას, ჩვენ თითქმის არასდროს ვეგუებოდით იმ მომენტს, რომ საბჭოთა კავშირი იყო ჩვენი სამშობლო.
ჩვენი სამშობლო იყო საქართველო – აი, ეს განცდა გვქონდა. როგორც კი დავინახეთ, რომ ამას ვკარგავდით, აქედან დაიყო ჩემი თაობის გამოფხიზლება.
აქციების 30 წელი – რას აპროტესტებს ქართველი კაცი?
ეს იყო გარკვეულწილად რომანტიკული განცდა. ჩვენ, ახალგაზრდები ვფიქრობდით, რომ ვიყავით შთამომავლები იმ ღირსეული წინაპრების, რომლებიც იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას მთელი საუკუნეების განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ უფროსი თაობა გვაფრთხილებდა, რომ საბჭოთა რეჟიმი ამ გამოსვლებს იოლად არ შეეგუებოდა, აბსოლუტურ უმრავლესობას მაინც არ გვეგონა, რომ სისხლი დაიღვრებოდა. ჩვენ, ყველა ვიბრძოდით სანუკვარი ოცნების ასახდენად.
მიუხედავად მოწოდებებისა, პატრიარქის გაფრთხილებისა, მაინც არ გვჯეროდა, რომ ასეთი საშინელება დატრიალდებოდა. უმრავლესობას რომ გაეცნობიერებინა, სხვა ზომებს მიიღებდნენ, ქალებს მაინც გაარიდებდნენ იქაურობას. შეიძლება ლიდერთა ნაწილს რაღაც ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდებს არ გვჯეროდა.
9 აპრილს არსებული ამაღლებული განწყობის შემდეგ, მეორე დღეს იყო სიბრაზე და სასოწარკვეთა. ეს იყო საოცარი მარცხი და უიმედობის განცდა.
მთელი საქართველო გაოგნებული იყო. 10 აპრილს მოვახერხეთ გარეთ გამოსვლა და ერთადერთი, სადაც დაცულად შეიძლება გვეგრძნო თავი, იყო უნივერსიტეტი. მახსოვს პროფესორი, სოლიკო ხუციშვილი, როგორ ქვითინებდა უნივერსიტეტის კიბეებთან ჩამომჯდარი. გარშემო რუსის ჯარი დაძრწოდა. ალბათ, ჩვენთან შემოჭრის სურვილიც იყო, თუმცა, ჩვენ მაშინ გადავრჩით.
9 აპრილი - რა შეცვალა სისხლიანმა ღამემ მსოფლიო ისტორიაში?
რატომ არ სურდა აშშ-ს საბჭოთა კავშირის დაშლა.
რა თქმა უნდა, 1991 წლის 9 აპრილის დაკნინება არ შეიძლება, თუმცა, ეს დღე განსაკუთრებით საზეიმო იქნებოდა, რომ არა 1989 წლის მსხვერპლი და ახალგაზრდების დაღვრილი სისხლი. ამიტომ, ჩემთვის ბოლომდე საზეიმო არ არის 1991 წლის 9 აპრილი. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი, როგორც იმ მოვლენების მომსწრე, ერთი რიგითი ახალგაზრდის აზრი” – ამბობს “ფორტუნასთან” ზურაბ გაიპარაშვილი.