LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარ გრძნობებში დარწმუნებულმა განუცხადა ბრიჯიტს, რომ ერთ დღეს აუცილებლად ცოლად მოიყვანდა“ – ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონის სიყვარულის ისტორია

1919
მაკრონები

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონის სიყვარულის ისტორიამ მილიონობით ადამიანს დაუკარგა მოსვენება. ჟურნალისტები დიდი ხანია ცდილობენ წყვილის ძველი ნაცნობების მოძიებას და სწორედ მათი მონათხრობიდან გარკვევას, რატომ იქცა მოზარდობის გატაცება ემანუელ მაკრონისთვის მთელი ცხოვრების სიყვარულად.

 ემანუელ მაკრონი 

ემანუელი საფრანგეთის ჩრდილოეთში დაიბადა. მომავალი პრეზიდენტი მეტწილად ბებიამ გაზარდა, რადგან მედიკოსი მშობლებისთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე შვილის აღზრდა. სწორედ ბებიის – კოლეჯის დირექტორის წყალობით შეიყვარა მაკრონმა წიგნის კითხვა, რამაც ცნობისმოყვარეობა და მუდმივად ახლის სწავლის სურვილი გაუღვიძა. ბებია ნებისმიერ წამოწყებაში მხარს უჭერდა საყვარელ შვილიშვილს, რომელიც La Providence-ის პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობდა.

შრომისმოყვარე ემანუელი საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა კლასში, ყოველთვის თამამად გამოთქვამდა საკუთარ აზრს და არასდროს უფრთხოდა პედაგოგებთან კამათს. ერთნაირი მონდომებით სწავლობდა როგორც ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებს, ისე ხელოვნებას, მუსიკას და სამსახიობო ოსტატობას. მაკრონი ყოველთვის განვითარებისკენ ისწრაფოდა, ამიტომ თანატოლებთან გართობას, მასწავლებლებთან სერიოზული საუბარი ერჩივნა და როგორც ჩანს, სწორედ უფროსებთან ურთიერთობის მოთხოვნილება აღმოჩნდა გადამწყვეტი მის ცხოვრებაში.

 ბრიჯიტ ტრონიე (ოზერი)

ბრიჯიტი ცნობილი შოკოლატიეს და საკონდიტრო მაღაზიების ქსელის მფლობელის სერჟ ტრონიეს ოჯახში დაიბადა. პედაგოგიური განათლების მიღების შემდეგ ბრიჯიტი პარიზისა და მარსელის სკოლებში მუშაობდა, 1974 წელს კი, ბანკირ ანდრე ლუი ოზერს გაჰყვა ცოლად, ვისთანაც სამი შვილი შეეძინა. La Providence-ში მადამ ოზერი ფრანგულსა და ლათინურ ენებს ასწავლიდა, პარალელურად კი, თეატრალურ სტუდიას ხელმძღვანელობდა, რაც პირველ რიგში მოსაწყენი, რუტინული ოჯახური ცხოვრების გახალისებაში ეხმარებოდა.

„ცხოვრება – თეატრია“

თეატრალურ სტუდიაში გაიცნო ემანუელმა პირველი სიყვარულიც, რომელიც საბოლოოდ მთელი მისი ცხოვრების აზრი გახდა, რადგან სწორედ სკოლის დადგმაზე ერთობლივი მუშაობა იქცა იმ ურთიერთობის ათვლის წერტილად, რომელიც საბოლოოდ ქორწინებით დასრულდა. მორიგი პიესის არჩევისას ბრიჯიტი დიდხანს ბრაზობდა, რომ ვერასდროს ახერხებდა მრავალრიცხოვანი დასის ყველა წევრისთვის ერთ სპექტაკლში როლის მოძიებას, რაზეც ემანუელმა საკუთარი პიესის დაწერა შესთავაზა.

მოსწავლე, რომელიც მხოლოდ 15 წლის იყო აქტიურად შეუდგა 25 წლით უფროს მასწავლებელთან ერთად მუშაობას. ბრიჯიტი და ემანუელი პრაქტიკულად მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ, აზრებს უზიარებდნენ, გაცხარებით დავობდნენ და კამათობდნენ. მართალია, ემანუელს, რომელიც ყოველთვის მოჯადოებულივით უსმენდა ბრიჯიტს, სწრაფად გაუჩნდა მის მიმართ სიმპათია, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომავალი პრეზიდენტი ზრდასრულ ასაკშიც ბავშვური გრძნობების ერთგული დარჩებოდა.

სიყვარული და განშორება

რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბრიჯიტიც, რომელიც მიხვდა, რომ ბევრად სერიოზული გრძნობა ჰქონდა მოსწავლის მიმართ, ვიდრე უბრალო შეჩვევა იყო, თუმცა საკუთარ თავთან გაუჭირდა აღიარება. ბრიჯიტი მაქსიმალურად გაურბოდა ემანუელზე ფიქრს, მით უფრო, რომ მისი ქალიშვილიც იმავე კლასში სწავლობდა.

მაკრონმა კი პირიქით, „. შვილის გატაცებით შეწუხებულმა მშობლებმა მისი პარიზში გამგზავრება გადაწყვიტეს, რადგან თვლიდნენ, რომ ბრიჯიტისგან შორს, როცა ვერც მის ნახვას, ვერც საუბარს შეძლებდა, აუცილებლად დაივიწყებდა და ახალ, ბევრად შესაფერისს გოგონას შეიყვარებდა, თუმცა სულ სხვა გეგმები ჰქონდა მაკრონს, რომელიც ნამდვილად არ აპირებდა უარის თქმას საკუთარ გრძნობებსა და საყვარელ ქალზე.

პარიზი და სიყვარული

ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება ემანუელს ვერც ჰენრიხ IV-ის ლიცეუმში ჩაბარებამ, ვერც დატვირთულმა სასწავლო პროცესმა შეაცვლევინა. მართალია, ქარიზმატულ ახალგაზრდას ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ სწორედ თანატოლ გოგონებთან ურთიერთობამ დაარწმუნა, რომ ბრიჯიტს ვერავინ შეცვლიდა. შეყვარებული ემანუელი ყოველ საღამოს ურეკავდა საყვარელ ქალს და საათობით ესაუბრებოდა, სიახლეებს, საკუთარ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს უზიარებდა.

დისტანციის და ორწლიანი დაშორების მიუხედავად, განელების ნაცვლად მაკრონის გრძნობები უფრო განმტკიცდა. სახლში დაბრუნებულმა ემანუელმა თამამად განუცხადა მშობლებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ და მისი არჩევანის მიღება მოსთხოვა. არ დაიხია უკან არც ბრიჯიტმა, რომელიც მეუღლეს გაშორდა და ემანუელს ერთად ცხოვრება შესთავაზა. მართალია, წყვილისთვის მძიმე აღმოჩნდა პატარა ქალაქის ჭორებისა და მითქმა-მოთქმის მოთმენა, მაგრამ ერთმანეთის და საკუთარი სიყვარულის წყალობით ყველა სირთულეს გაუძლო.

ქორწინება

მართალია, ემანუელის მშობლებმა და ბრიჯიტის შვილებმა საბოლოოდ მიიღეს უჩვეულო წყვილი და მათი დაუჯერებელი სიყვარული, მაგრამ ბრიჯიტი აღმოჩნდა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმების წინააღმდეგი. მაკრონს რამდენიმე წელი დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაითანხმა საყვარელი ქალი და 2007 წლის 20 ოქტომბერს ოფიციალურად მოიყვანა ცოლად.

უცნაურია, მაგრამ სწორედ ქორწინებას დაემთხვა მაკრონის პოლიტიკური კარიერის განვითარება. ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშნულმა ემანუელმა, რომლის პერსონითაც პრესა დაინტერესდა, გულწრფელად მოუთხრო ჟურნალისტებს საკუთარი ცხოვრების შესახებ. წყვილი ყოველთვის სიამოვნებით თანხმდებოდა ინტერვიუს და უჩვეულო რომანტიკული ისტორიის მოთხრობას, რადგან თვლიდა, რომ ბედნიერ ადამიანებს დასამალი არაფერი ჰქონდათ. ემანუელი სიამაყით ჰყვებოდა მეუღლეზე, ბრიჯიტი კი, სიყვარულით იხსენებდა მათ პირველ შეხვედრას.

მართალია, წყვილს არ ჰყავს საერთო შვილი, მაგრამ მეუღლის ვაჟიშვილსა და ორ ქალიშვილს ემანუელი საკუთარ შვილებად მიიჩნევს, შვილიშვილებთან კი, ყოველთვის ბავშვივით ერთობა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ბრიჯიტი, რომელმაც არა მხოლოდ მეუღლის იმიჯზე, არამედ მის საჯარო გამოსვლებზეც იზრუნა, ყოველთვის მის გვერდით იყო, ამიტომ ემანუელი გამარჯვებასაც საერთო დამსახურებად მიიჩნევს, მით უფრო, რომ მეუღლეებმა მთელი ცხოვრება ერთად გაიარეს, ყველა მარცხი, წარმატება გაიზიარეს და უამრავი სირთულის მიუხედავად მაინც შეინარჩუნეს ერთმანეთის სიყვარული.

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი: ოჯახურ იდილიაზე ძვირფასი თავისუფლება

რომი შნაიდერის და ალენ დელონის სიყვარულის ისტორია

ხავიერ ბარდემისა და პენელოპა კრუსის სიყვარულის ამბავი

მარია კალასის და არისტოტელე ონასისის სიყვარულის ისტორია

გასული საუკუნის ყველაზე ვარსკვლავური წყვილები

,,ერთადერთი რაც გჭირდება სიყვარულია” – ჯონ ლენონის და იოკო ონოს სიყვარულის ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები