შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ბერძნულ ავიაკომპანია Ellinair-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან განახლდება სეზონური რეისების შესრულება თბილისიდან სალონიკისა და კუნძულ კრეტას მიმართულებით.
თბილისი–სალონიკი–თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 305 ლარიდან დაიწყება.
17 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები ათდღიანი სიხშირით, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით 30 სექტემბრამდე შესრულდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 465 ლარიდან იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines ასრულებს. ქუთაისის აეროპორტიდან კი პირდაპირი რეისები ათენსა და სალონიკში ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ სრულდება.