LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელიტური კორუფცია“ საქართველოში: 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელიც ივანიშვილთანაა დაკავშირებული – საერთაშორისო გამჭვირვალობა

94
ipiccy-image

2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია, – ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში- „ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები“.

ამავე ანგარიშის მიხედვითვე, კვლევისას მოხდა ისეთი 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული და ეს 10 კომპანია, თავის მხრივ, 26 ქართულ კომპანიას ფლობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი, ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. ვინაიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ბიზნესსაქმიანობა ეზღუდებათ, შესაძლოა, კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებდნენ. ეს მათ სახელმწიფო პროექტებში, პრივატიზაციაში და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის საშუალებასაც მისცემს.

ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ : „თბილისი ენერჯის“, „ბილაინს“, „აიდიეს ბორჯომს“, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, „რუსთავის ფოლადს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, „რუსთავის ავტობაზრობას“, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, „სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.

„2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარია.

ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. 2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტი-კორუფციულ სამიტზე, საქართველომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე განაცხადა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ბოლო წლებში ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ ტერიტორიაზე ოფშორული კომპანიების საქმიანობის სტანდარტები გაამკაცრეს, რაც ძირითადად, საბოლოო ბენეფიციარების სავალდებულო გასაჯაროების მოთხოვნებში გამოიხატა. 2020 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაცია გამოსცა, პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის დახმარების სამთავრობო პროგრამებიდან ოფშორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაფინანსება არ მიიღონ.

რეკომენდაციების თანახმად, განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, საქართველოში აუცილებლად არის შესამუშავებელი გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით.

საქართველომ უნდა შეასრულოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების რეალურ მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვებში ან სახელმწიფოს დაფინანსებულ ნებისმიერ სხვა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში.