„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთის საკითხის მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთის საკითხის მოწესრიგება წინასაარჩევნოდ არ და ვერ მოესწრება, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელს არ შევეგებებით ისე, რომ პენსიონერებს გაცილებით უფრო ადამიანური საბანკო მომსახურება არ ჰქონდეთ და ადამიანურ პროცენტში არ იღებდნენ სესხს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეები“ პენსიონერთა მომსახურების ახალი ტენდერის პირობების საკუთარ ვერსიაზე მუშაობს.
„პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთი არ არის მარტივი საკითხი ერთ დღეში რომ გადაწყვეტილიყო, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება.
დაახლოებით 2 კვირის წინ იყო ერთობლივი კომისიის სხდომა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ვესწრებოდით პარლამენტის დეპუტატები, მე და პაატა მანჯგალაძე ვიყავით ოპოზიციიდან. შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური სააგენტო პენსიონერთა მომსახურების ახალი ტენდერის პირობებს წარმოადგენდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა ეს პირობები, ჩვენი პარტია მუშაობს ჩვენეულ ხედვებსა და შეთავაზებებზე, რა უნდა ეწეროს ტენდერის პირობებში, რომ ის გამაოგნებელი და გაუგონარი 36 პროცენტი არ იყოს პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთი, იყოს ადამიანური.
ამ პროცესში ჩვენ ვართ ჩართულები, არ მოვეშვებით! სადღაც შუაგზაზე არ მიგვიტოვებია, აუცილებლად ღრმად მწამს ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ ვიბრძოლებთ. შედეგი, იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში იქნება და ეს შედეგი 700 ათას ჩვენი მოქალაქის, პენსიონერის ცხოვრებას გახდის უკეთესს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.