პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დღეს, 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას უერთდება.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, დღევანდელ აქციაზე ქართულმა საზოგადოებამ ევროპას და ხელისუფლებას უნდა დაანახვოს, რომ არავის სურს, ქვეყანა ჩელიაბინსკის გარეუბნად იქცეს:
“ყველა აქციას ვუერთდები, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის ევროპული არჩევანია, დღევანდელ აქციაზე უნდა დავანახოთ ევროპასაც და ხელისუფლებასაც, რომ არ გვინდა ჩელიაბინსკის გარეუბნად ვიქცეთ.
ფაქტია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ გვაჯობეს და ჩვენ ჩავფლავდით.
ამიტომ, იმიტომ, ეს ასეა, ის ისეა – ჩვენს ხელისუფლებას რომ არ ეკეთებინა ის, რაც, განსაკუთრებით, ევროპასთან და ევროკავშირთან მიმართებით აკეთა, ასე არ ჩავფლავდებოდით და მოლდოვასა და უკრაინასავით წელგამართული ვიქნებოდით. ახლა თვითგვემის და ევროპაზე ხელის ჩაქნევის დრო არ არის. რა არის არჩევანი? შევუერთდეთ რუსეთს? ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არ უნდა დავუშვათ! კარგად უნდა შევაჯანჯღაროთ საკუთარი თავიც და ხელისუფლებაც. გვაქვს ძალიან მკაფიო დავალებები და მკაფიო დრო – კონკრეტულ 12 პუნქტს თუ შევასრულებთ, ჩვენ გვეხსნება შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა მივიღოთ. დაკარგული არაფერი არ არის, ახლა ხელები უნდა დავიკაპიწოთ და მონდომებით ვიმუშაოთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია – “შინ ევროპისკენ” იმართება.
ორგანიზატორების თქმით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლების და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ.
21:00 საათზე კი აქციის მონაწილეები მსვლელობით გადაინაცვლებენ ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.