“მნიშვნელოვან შეღავათებს დავაწესებთ სალიზინგო სქემებზე, რომლის მიხედვითაც, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების მფლობელები, საწვავის ეკონომიის ხარჯზე, გადაიხდიან ავტომობილის ღირებულებას და ფაქტობრივად, გამოისყიდიან ახალ ელექტრომობილს”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით,ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლებას ექნება უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან ამჟამად საქართველოში იმპორტი თითქმის სამჯერ მეტია ექსპორტზე, რაც იწვევს გარკვეულ პრობლემებს, იმპორტის დიდი წილი კი სწორედ ნავთობპროდუქტებზე მოდის.
“ელექტრომობილებით ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ ეკოლოგიასა და მაკროეკონომიკურ გარემოს, ვინაიდან ამ პროექტით მნიშვნელოვნად შემცირდება ის სავაჭრო დეფიციტი, რომელიც გვაქვს ეკონომიკაში. ჩვენ მნიშვნელოვან შეღავათებს დავაწესებთ სალიზინგო სქემებზე, რომლის მიხედვითაც, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების მფლობელები, საწვავის ეკონომიის ხარჯზე, გადაიხდიან ავტომობილის ღირებულებას და ფაქტობრივად, გამოისყიდიან ახალ ელექტრომობილს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ხელისუფლება ქვეყანაში ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლებას გეგმავს. მამუკა ბახტაძის განაცხადებით, საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა უნდა აშენდეს, ხოლო 10 წელიწადში არსებული ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით უნდა ჩანაცვლდეს.