LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროენერგიის ტარიფის მხოლოდ 1,5 თეთრით გაზრდა კომპანიას განვითარების საშუალებას არ აძლევს -მიხეილ ანთაძე

99

დამტკიცებული ტარიფი კომპანია „თელასს“ სწრაფი განვითარების საშუალებას არ აძლევს, – ამის შესახებ კომპანია „თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ანთაძემ გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ანთაძემ განმარტა, გაზრდილი ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო, მაგრამ კომპანიას არ ეძლევა საშუალება იფიქროს სამომავლო განვითარებაზე.

„გვაქვს კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები. მთავარი, რაშიც არ ვეთანხმებით მარეგულირებელ კომისიას გახლავთ ის, რომ კომისია არ ითვალისწინებს კომპანიის სახეცვლილებას ბოლო წლების განმავლობაში. 2014 წლიდან დღემდე სახეზე გვაქვს აბონენტების და ქსელის მნიშვნელოვანი ზრდა, ეს იმ პირობებში, როცა, პრაქტიკულად, არ მომხდარა პერსონალის ზრდა. უფრო მეტიც, მოხდა პერსონალის შემცირება. ეს იმას ნიშნავს, რომ „თელასის“ თანამშრომლები დღეს უფრო დატვირთულები არიან, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში. ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო, მაგრამ არ გვაძლევს საშუალებას, სრულად ვიფიქროთ კომპანიის განვითარებაზე იმ ტემპებით, რომელიც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული“, – განაცხადა მიხეილ ანთაძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, რამდენი თეთრით სურდა კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა.

სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკის დღევანდელ სხდომაზე უყარეს.

შეგახსენებთ, რომ დღემდე 101 კილოვატ საათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო ტარიფი 12,980 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე – 16,992 თეთრი, 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი 21,476 თეთრი ღირდა.
შესაბამისად, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, “თელასის” მომხმარებლებისთვის, რომლებიც 101 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტორენერგიას მოიხმარენ, დღგ-ს ჩათვლით 12,980 თეთრიდან 14,5435 თეთრამდე გაიზრდება ტარიფი. აბონენტებისთვის, რომლებიც 101-დან 301 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ – 16,992 თეთრიდან გადასახადი 18,555 თეთრამდე იზრდება; ხოლო აბონენტებს, რომლებიც 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიას მოიხმარენ – 21,476 თეთრიდან 23,039 თეთრამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები