LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების ცვლილება მოსახლეობისთვის ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს: ნარმანია

71
დავით ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 1 ივლისიდან საქართველოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების ცვლილება ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს.

დავით ნარმანიას განმარტებით, მომხმარებლებისთვის, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება და მოსახლეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, უზრუნველყოფილი იქნება იმ ერთი უნივერსალური მიმწოდებლით, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაასახელა.

დავით ნარმანია ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმამ გამოიწვია:

“ევროპული პრაქტიკის და წესების შესაბამისად ენერგეტიკის სექტორში რეფორმები მიმდინარეობს. მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 30-ზე მეტი ახალი მარეგულირებელი წესი და ნორმა მიიღო, რომლის უმთავრესი დანიშნულება არის ბაზრის ეტაპობრივი გახსნა, ვაჭრობის და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა ელექტროენერგეტიკის სექტორში. მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ამ პერიოდის განმავლობაში გასცა ახალდაფუძნებულ საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე საქმიანობის ლიცენზია. როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის ლიცენზია გაიცა “სახელმწიფო ელექტროსისტემაზე”, მოხდა “თელასის” და “ენერგო-პროს” გაყოფა. ისინი 1-ელი ივლისიდან მხოლოდ ქსელის მეპატრონეები იქნებიან, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებენ სხვა კომპანიები.

ჩვეულებრივი, ტიპიური მომხმარებლებისთვის პრაქტიკულად არაფერი იცვლება. რაც შეეხება მსხვილ მომხმარებლებს, ეტაპობრივად გავლენ ბაზარზე და ისინი ბაზარზე იყიდიან ენერგიას. შესაბამისად, იქნება ენერგიის გამყიდველები და მყიდველები, კონკურენტულ საფუძველზე მოხდება ენერგიის ყიდვა-გაყიდვა. რაც შეეხება მოსახლეობას, მცირე და საშუალო ბიზნესს, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ერთი უნივერსალური მიმწოდებლით, რომელიც უკვე დაასახელა საქართველოს მთავრობამ.” – აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თარიღად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო წლის 1-ელი იანვარი განისაზღვრა და ბირჟა ამოქმედებისთვის მზად არის:

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები მსხვილ მომხმარებლებთან, რაც გულისხმობს მათი მრიცხველების მოწესრიგებას და ისეთნაირად მრიცხველების დაყენებას, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან” და ყოველ საათობრივად მოხმარებული აღრიცხვის საშუალებას მისცემს. ეს ტექნიკური საკითხი უნდა დასრულდეს, რომ ბირჟამ რეალურად დაიწყოს მოქმედება.” – თქვა დავით ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, 19 მსხვილი კომპანია, მათ შორის სამი სახელმწიფო კომპანია – საქართველოს რკინიგზა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საქართველოს მელიორაცია გავლენ ენერგიის თავისუფალ ბაზარზე და 1-ელი ივლისიდან ისინი ელექტროენერგიას ბაზარზე იყიდიან.

ამ წუთებში სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია იმართება.

კონფერენციაზე დეტალურად განიხილავენ ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე არსებულ სიახლეებს, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, იმსჯელებენ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ცვლილებებზე.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის კომუნალური მომსახურების კომპანიები იცვლება. მათ ელექტროენერგიას მიაწვდიან საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები