ელექტრონულ სიგარეტის სითხეებმა შესაძლოა სასუნთქი გზების დაავადებების გაუარესება გამოიწვიოს. საფრთხე ემუქრებათ პირველ რიგში ასთმით დაავადებულებს – ნათქვამია ახალ საერთაშორისო კვლევაში.
ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მათ შორის ბავშვებში, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა.
ცნობილია, რომ შეერთებულ შტატებში 18-დან 24 წლამდე ასაკის ბავშვთა რაოდენობის 9% იყენებს ელექტრონულ სიგარეტს. სწორედ ამიტომ, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამ თვის დასაწყისში ნიუ-იორკის შტატში არომატული ელექტრონული სიგარეტი აიკრძალა.
ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთმა არომატმა – თუნდაც ის ნიკოტინის გარეშე იყოს – შესაძლოა ალერგიული სენით დაავადებული ფილტვების მდგომარეობა მკვეთრად გააუარესოს.
”ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც რესპირატორული დაავადება აქვს”, – თქვა კვლევის ავტორმა დევიდ ჩეპმენმა.
დევიდ ჩეპმენის გუნდი რესპირატორული (სასუნთქი გზების) დაავადებების მქონე პირებს ურჩევს სიფრთხილით მოეკიდონ ელექტრონულ სიგარეტს. მათი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა დააწესონ მკაცრი შეზღუდვა ელ-სიგარეტის მოხმარებაზე.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განაცხადებით, აშშ-ს 38 შტატში ელექტრონული სიგარეტის გამოყენებასთან დაკავშირებული ფილტვების დადასტურებული მძიმე დაავადებების რიცხვი 530-მდე გაიზარდა.
ასევე დადასტურდა, რომ ამ დროის მონაცემებით, ელექტრო სიგარეტის მოხმარებით გამოწვეული გართულებებით, დაღუპულია რვა ადამიანი.
ამასთან Time-ის ცნობით, აშშ-ის საცალო ვაჭრობის უმსხვილესი კომპანია Walmart-ი ელექტროსიგარეტებს აღარ გაყიდის. მას შემდეგ რაც Walmart-ის მაღაზიებში ელექტროსიგარეტების არსებული მარაგი გაიყიდება, კომპანია მათ გაყიდვას საბოლოოდ შეწყვეტს.