LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე კალანდაძე: „ამდენი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, ყალბ ადამიანებთან ვეღარ ვიურთიერთებ…“

1685

ელენე კალანდაძეს ინტერვიუსთვის „თბილისი მარიოტში“ შევხვდით. მან სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოგრაფის წინაშე საყვარელი წითელი კაბით, შემდეგ კი ინტერვიუც შედგა – „ევროვიზიაზე“, ოჯახზე, შვილზე, მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომლებიც ცხოვრებაში აქვს.

მინდა მოგილოცო „ევროვიზიაზე“ შენი გამოსვლა, შესანიშნავად მიგყავდა ინგლისურ ენაზე. იყო ეს ღელვის მიზეზი?

თავდაპირველად დაიწყო ასე – გამოცხადდა კასტინგი წამყვანებზე. თვალი რომ მოვკარი, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი, გამოცდილება მქონდა, ინგლისური მართლა წყალივით ვიცი, სცენაზე გამოსვლის არანაირი დაბრკოლება არ მქონია. კასტინგზე უცხოელ რეჟისორს იმდენად მოვეწონე, რომ პირველივე შეხვედრაზე ვერ დამალა მოწონება. პირველივე შეხვედრიდან ველოდებოდი, რომ ამიყვანდნე. ლიზი ჯაფარიძესთან ერთად ვიყავი დუეტში. დამირეკეს და მომილოცეს, შენ „ევროვიზიის“ ერთ-ერთი წამყვანი ხარო. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა. პირველივე სამუშაო შეხვედრაზე მკითხეს, ელენე, მზად ხარ, რომ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში უარი თქვა ყველაფერზე, მათ შორის ოჯახსა და პრიად ცხოვრებაზეო. ვუპასუხე, რომ მზად ვიყავი და მართლაც დიდი შრომა გავწიე. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილება, რომელმაც წელში გამასწორა და მივხვდი, თუკი მოვინდომებ, ყველაფრის მიღწევა შემიძლია. ჩემთვის არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, თუკი მებრძოლი სულით და სწორად მივუდექი თემას.

საკმაოდ დიდ დრო დავუთმეთ რეპეტიციებს. ყველა უდიდეს შრომას დებდა ჩვენსი. ცალკე გვქონდა ცეკვის რეპეტიციები, ჩვენს სიმღერას თან ქორეოგრაფიული ნომერიც ახლდა.

შოუს დღეს როგორ გაუმკლავდი ნერვიულობას?

ახლაც რომ მახსენდება, ცოტა მბურძგლავს. რთულია ჯერ მარტო იმის გააზრება, რომ პირდაპირ ეთერში ამხელა აუდიტორიის წინაშე უნდა გამოხვიდე, სადაც იმპროვიზაციის უფლებაც არ გაქვს, ტექნიკურად ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ კონკრეტულ ფრაზაზე კონკრეტული კამერისკენ უნდა გაიხედო, თან, ყურსასმენიც გიკეთია და მასზეც უნდა იყო კონცენტირებული… საბედნიეროდ, ყურისა თუ კამერების გამოცდილება მქონდა და სირთულეს არ წარმოადგენდა, უბრალოდ, გამოცდასავით იყო. 25 ნოემბერს, გენერალურ რეპეტიციაზე, რომელიც ლაივის ზუსტი ანალოგია, ძალიან ვინერვიულე, სამაგიეროდ, 26-ში ძალიან ყოჩაღად ვიყავი. მე და ლიზი ჭკუამხიარულად ვიყავით და არ გვინერვიულია…

თავად უცხოელი ორგანიზატორებისგან თქვენმა დუეტმა რა შეფასება მიიღო?

ძალიან კარგი შეფასებები მივიღეთ (იღიმის). ალბათ, ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც მე და ლიზის ასე გაგვიმაგრა ზურგი. დიდ პასუხისმგებლობას აღიქვამ, იმავდროულად, სხვა ადამიანებიც ამჩნევენ და გეხმარებიან, სასიამოვნოა. ყოველ წამს მეუბნებოდნენ, ასეთი მომზადებული წამყვანი ბოლო 4 წელია, საბავშვო „ევროვიზიას“ არ ახსოვსო. ასეთი შეფასებები კიდევ უფრ გმატებს ძალას და გახსენებს, რომ არ უნდა მოდუნდე და იყოქვა და რკინა. ეს შეგრძნებები და ფანტასტიკური გამოცდილება მთელი ცხოვრება გამყვება.

უხერხულობები იყო სცენაზე?

რასაკვირველია, სცენაზე არსებობს მცირე ტექნიკური თუ სხვას სახის ხარვეზები, მაგრამ მაყურებლისთვის ეს საგრძნობი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ხალისიანები ვყოფილიყავით.

გამოხმაურებაზე მინდა გკითხო, შედეგების გამოცხადება სკანდალური გამოდგა. როცა შედეგს აცხადებდი, როგორი გრძნობა გქონდა?

როცა შედეგს ვაცხადებდი, კარგად ვერ აღვიქვი. ჩემი მისია მქონდა, ყველაფერი ისე დამთავრებულიყო, როგორც დაიგეგმა. როცა წამყვანი ხარ, ნეიტრალურობა უნდა შეინარჩუნო. მებარა საბავშვო „ევროვიზიის“ წაყვანა. სცენაზე იმდენად დაძაბული სიტუაცია იყო, ვფიქრობდი, შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა… როცა ყველაფერი დასრულდა, ვიკითხე, საქართველო რომელ ადგილზე-გავიდა-მეთქი… მხოლოდ სამი ქულა დაგვაკლდა გამარჯვებამდე… ერთი რამ კარგად მახსოვს, ჩვენ მიერ რუსეთისთვის მიცემული 12 ქულა სცენაზეზე მოულოდნელი იყო ჩემთვის, არ ვიცი, დამეტყო თუ არა, ამისი უფლება არ მქონდა… განვიცადე. გრიგოლის ნამღერს რომ მოვუსმინე, უფრო მეტად. ამხელა სიყვარულსა და თანადგომას რომ მიიღებ მთელი მსოფლიოსგან, საწყენია, რომ ასე ცოტა დაგაკლდება გამარჯვებამდე. როგორც პატრიოტსა და ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, მეც მეწყინა. ყველაფერი ხდება, რას ვიზამთ. ის ნამდვილად არ არის საწყენი, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა ეროვნების ადამიანმა გაიმარჯვა, თუმცა ჩემთვის უპირობო ლიდერი იყო გრიგოლ ყიფშიძე. ისიც კი ვუთხარი, შენ არ ინერვიულო, ცხოვრება ძალიან დიდ რაღაცას გიზამდებს-მეთქი. „იქს ფაქტორშიც“ ვერ გავიდა პირველ ადგილზე, ვერც „ევროვიზიაზე“, მაგრამ ვფიქრობ, მას დიდი მომავალი ელოდება.

ძალიან კარგად გამოიყურებოდი სცენაზე. ვინ იზრუნა შენს ჩაცმულობაზე?

ეს არის დათუნა სულიკაშვილის დამსახურება. მან დიდი შრომა ჩადო. ბევრჯერ დავიწყეთ მსჯელობა ფერთან დაკავშირებით, ასევე სტილზე. მჭიდრო კონტაქტი გვქონდა ბოლო სამი კვირის განმავლობაში, „ევროვიზიის“ წარმომადგენლებიც დაგვყვებოდნენ. მე და ლიზის სასწაული კოსტიუმები გაგვიკეთა. ის წითელი კაბა, რომლის ფოტოებსაც თქვენი მკითხველი ნახავს, ეკუთვნის დათუნას. დიდი მადლობა მას კიდევ ერთხელ.

შენს პატარას მოაკლდა შენი ყურადღება ამ პერიოდში?

ჩემი შვილი სამი წლისაა. ჩემი ცხოვრების სტილი ასეთია – მიყვარს ჩემი საქმის კეთება, მიუხედავად იმისა, რომ შვილი მყავს, პირადი ცხოვრება, ყოველთვის არსებობს მიზეზი, რატომ შეიძლება მოაკლდე შენს სამეგობროსა და ოჯახს. ესეც შენზეა დამოკიდებული, როგორ მოაწყობ შენი დღის გრაფიკს. ასეთი ვარ, ყველაფერს ვახერხებ, არ უნდა მოვიკლო საქმე, გართობა… დროს სწორად ვანაწილებ, თუმცა ჩემი პრიორიტეტია ჩემი ოჯახი და შემდგომ ყველაფერი, საქმე, მეგობრები… ეს პერიოდი კი მოვაკლდი, მაგრამ ჩემს შვილს ისეთი ადამიანების რაზმი ჰყავს, იბრძიან, ვინ უნდა დაიტოვოს ლილის (იღიმის). მას სიყვარული, სითბო და ყურადღება არ აკლია. დიდი ბებია ჩემი მხრიდან და მეორე ბებია-ბაბუა. ჩემები არ არიან საქართველოში და შორიდან ეტრფიან და ესიყვარულებიან.

ძალიან ხშირად გამოდიხარ სხვადასხვა კორპორატიულ წვეულებაზე. როგორ ახერხებ, რომ სულ დატვირთული იყო და შენი პროფესიით იმუშაო?

ესეც შრომაზეა დამოკიდებული. ყოველთვის ვცდილობ, უარი არ ვთქვა შემოთავაზებებზე. მშობიარობის შემდეგ უარის თქმამ მომიწია რამდენიმე შეთავაზებაზე, რადგან შვილთან ვიყავი. მერე რომ იმახსოვრებენ, ელენეს არ სცალიაო, შეიძლება, მიავიწყდე. ამიტომაც ვცდილობ, ყოველთვის აქტიურად გამოვჩნდე. წამყვანობაც მადგება და ამ კუთხითაც მიწევს მუშაობა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიახლე შემოდის, რომლისგანაც მაქსიმალურად დიდ პრაქტიკასა და ინფორმაციას ვიწოვ. მიხარია, რომ დაკავებული ვარ და სულ შემოთავაზებები მაქვს.

თუ დაუყენებიხარ შენი ცხოვრების რომელიმე თანამგზავრს არჩევანის წინაშე – ოჯახი თუ კარეირა?

არასდროს და ასეთ ადამიანთან ურთიერთობას არც დავიჭერ. ამ საუკუნეში, როცა იცვლება მენტალიტეტი და ყველა თავისუფლებისთვის იბრძვის, ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია. ან მე და ბავშვი, ან კარიერა – ასეთი არჩევანი არავინ უნდა დაგიყენოს.

როგორი ადამიანი ვერ მიიპყრობს კიდევ შენს ყურადღებას?

ამდენი გამოცდილების შემდგომ მივხვდი, რომ ყალბ ადამიანებთან ვერ ვიურთიერთებ. ზოგადად, ჩემი ჰობია ადამიანების გაცნობა, მათთან ურთიერთობა, რაც ძალიან მიყვარს, მაგრამ სიყალბე მაბრკოლებს და აღარ მიმდის ადამინისკენ გული. ისე კი, ყველანაირ ადამიანს შემიძლია გავუგო, ყველას სულში შემიძლია შევძვრე და გავუგო, რაც უნდა მოხდეს. ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ხან თამაში გვიწევს, ხან აზრის შეცვლა, ხან ეს და ხან – ის. ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოაქვს – ბევრჯერ მომიწია ასეთი რამის გადატანა, რადიკალური ნაბიჯების მომსწრე გავხდი ადამიანებისგან. დრო რომ გავიდა და დავუფიქრდი, ცხოვრება დიდ ცდუნებებს გვთავაზობს, ასე რომ, არასდროს თქვა არასდროს. არის რაღაცები, რასაც მე ვერასდროს გავაკეთებ, მაგრამ სხვების გაგება შემიძლია.

პირადში არის რაიმე ახალი?

არაფერი. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი შვილია, ჩემი საქმე. დიდი დრო მინდა დავუთმო საკუთარ კარიეას, ჩემი რეპერტუარის შექმნას. დადგა დრო და ჟამი, რომ ამ საქმეს მივხედო. ალბათ, ეს პერიოდიც საჭირო იყო წელში გასამართად, გამოცდილების დასაგროვებლად, უამრავი ადამიანის გასაცნობად. ყოველ წამს ვფიქრობ, მიხვედი საკუთარ მუსიკალურ განვითარებას. უნდა გადავლახო დეკემბერი-იანვრის რთული პერიოდი. ასევე მინდა „ევროვიზიაზე“ მონაწილეობა. შესარჩევი ტურის გამოცხადებას ველოდები. რატომაც არა, ბედი უნდა ვაცდო (იღიმის).

სოციალურ ქსელში ყველამ მოვისმინეთ „სახის“ „დიდხანს გელოდის“ ვერსია, როდის ჩაწერ?

დათო ფორჩხიძეს მოვიკითხავ, აუცილებლად უნდა მივიდე მასთან და ვთხოვო სიმღერის ჩაწერის უფლება (იღიმის). ჩემმა მეგობარმა, ვინც ეს ვიდეო გადამიღო, მაკო მჭედლიშვილმა მითხრა, რომ აუცილებლად უნდა ჩავწერო „დიდხანს გელოდი“.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „თბილისი მარიოტი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები