LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკუნა ყანჩაველი: „ოქროს ტალღაზე“ ამხელა გამოხმაურებას არ ველოდებოდი…“

449

Ardaidardo.Ge

ეკუნა ყანჩაველი „ოქროს ტალღის“ ნომინანტია თავისი დაწერილი სიმღერით „What You Want“. სიმღერების წერა ბავშვობიდან დაიწყო, მაგრამ პირველი კომპოზიცია ცოტა ხნის წინ ჩაწერა.

ეკუნას „ფეისბუქზე“ ბევრი მიმდევარი ჰყავს, მის სახალისო ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს. იყო „ახალი ხმის“ და „იქს ფაქტორის“ მონაწილე, თუმცა მიიჩნევს, რომ საკონკურსო შემსრულებელი არ არის.


ეკუნა ყანჩაველი:

მე ცოტა გვიან გავიგე, რომ კონკურსი მიმდინარეობდა და ჩემი სიმღერა მონაწილეობდა. როგორც კი გავიგე, დავფაცურდი, მეგობრებს გავუზიარე, ჩემს კედელზე დავდე „ფეისბუქზე“. მყავს მიმდევრები, რამაც განაპირობა ის, რომ დღეს ხმების რაოდენობით პირველ ადგილზე ვარ. არ ველოდებოდი ამხელა გამოხმაურებას, ბევრი თბილი კომენტარი მომდის და უამრავი ხმა მივიღე.


„ოქროს ტალღა“ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ვფიქრობ, რომ რადგან ჩემი სიმღერაა წარდგენილი, ერთი ნაბიჯით წინ ვარ.

ეს სიმღერა ჩემი დაწერილია, ტექსტიც და მელოდიაც, რემიქსი კი HaruTune-ს ეკუთვნის.


სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობ ხოლმე…

ვმონაწილეობ, მაგრამ სხვა ფორმატის მომღერალი ვარ, არ ვარ საკონკურსო შემსრულებელი. თავად ასე მგონია. არ ვარ ტიპაჟი, რომელიც თავისი ვოკალით ვინმეს გააოცებს, ეს კი საკონკურსოდ აუცილებელია. შესაძლოა, ჩემი დაწერილი სიმღერით გავაოცო და არა ვოკალით. ბავშვობიდან ვწერ, მაგრამ პირველი სიმღერა ცოტა ხნის წინ ჩავწერე.


საზღვარგარეთ ხომ არ აპირებ ძალების მოსინჯვას?

კი, ვაპირებ. ჯერ აქ დავაგროვებ სიმღერებს, მერე კი ძალიან მინდა, აშშ-ში გავემგზავრო, იქ ვცადო ბედი.


იქ შენი ახლობელი ცხოვრობს?

არა, არ არის ადვილი უცხო ქვეყანაში გამგზავრება, მაგრამ ცდად ღირს, იქ ნულიდან მინდა ყველაფრის დაწყება. ბევრი ფაქტორია, რთულია წასვლა, მაგრამ აუცილებლად გავემგზავრები.


ოჯახი როგორ უყურებს შენს გატაცებებს, ვიდეოებს, სიმღერას?

თავიდან ჩვეულებრივად უყურებდნენ, მერე რომ დაინახეს, რამხელა გამოხმაურება ჰქონდა ვიდეოებს, ზოგჯერ სპონსორებიც რომ მაფინანსებდნენ, სხვანაირად შეხედეს. კარგია, როცა აცნობიერებ, რომ შენ ზურგ უკან არავინ დგას და თავად აღწევ რაღაცას. ამის მიუხედავად, მშობლები მაინც ცოტა სკეპტიკურად უყურებენ ამ საქმეს საქართველოში, მეც ვერ ვამტყუნებ, თუმცა ძალიან მეოცნებე ადამიანი ვარ და მჯერა, რომ რა სურვილებიც მაქვს, აუცილებლად ამისრულდება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები