LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეიძლება 10%-მდე გაიზარდოს – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

43
1609170480-კაკაურიძე-კომიტეტი-1

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, შესაძლოა, 9.5-10%-მდე გაიზარდოს. ამის შესახებ კაკაურიძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2022 წლის და 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი დღეისთვის 8.5%-ია.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ზრდის მიმართულებით გადავხედავთ, ის შეიძლება დაახლოებით 10%-მდე გაიზარდოს. ზუსტად ვერ ვიტყვით, თუმცა სავალუტო ფონდის პროგნოზი 10%-ია. ჩვენი პროგნოზით 9.5-დან 10%-ის ფარგლებში“, – განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი მომდევნო კვირას დაზუსტდება.

კაკაურიძის თქმით, დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე 2023 წლის გადამუშავებული ვერსია განიხილეს, თუმცა ეს ვერსია ბიუჯეტის წინა პროექტისგან არ განსხვავდება.

„2022 წლის ბიუჯეტისა და ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტებაზე, კარგი შეხვედრები სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა, რომელთანაც გარკვეულწილად წლევანდელ პარამეტრებზე შევთანხმდით. თუმცა დღგ-ს გადამხდელთა რიცხვებს შევხედავთ, რომელიც 15 ნოემბერს სრულდება და 2022 წლის საბოლოო პროგნოზს გავაკეთებთ, რაც 2023 წლის ბიუჯეტის ბაზისია.

ჩვენ 2023 წლის რესურსების გადაანგარიშების შესაძლებლობა იმის მიხედვით გვექნება თუ როგორ დაკორექტირდება 2022 წლის ეკონომიკური პარამეტრები. ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ზრდის მიმართულებით კიდევ დაკორექტირდება, რაც 2023 წლისთვის გარკვეულწილად დამატებით რესურსებს გამოგვითავისუფლებს. ამ დამატებითი რესურსების ფარგლებში პარლამენტის და უწყებების მხრიდან დაყენებული თითოეული წინადადების დეტალური განხილვა მოხდება“, – განაცხადა კაკაურიძემ.