LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-7 პოზიციაზეა

105

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში 162 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა“,- ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ინიციატივით გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დაესწრო.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ამგვარი პოზიციონირება, გაუმჯობესება გვაქვს უკვე წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ წელსაც გაუმჯობესება ფიქსირდება და ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის პოზიციას სტაბილურად ვინარჩუნებთ“,- განაცხადა მიქაბაძემ.

ყოველწლიურ შემაჯამებელ რეიტინგს „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ კანადური ფრეზერის ინსტიტუტი შეიმუშავებს, ეკონომიკური თავისუფლების ქსელის წევრ დამოუკიდებელ მკვლევარებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო“ ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების ქსელის ერთ-ერთი მოწინავე და გავლენიანი წევრი, კვლევაში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვის ინიციატორი და კოორდინატორია.

ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი გზავნილი ინვესტორებისთვისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური თავისუფლება.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის კვლევა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს აერთიანებს. ხუთი ძირითადი მიმართულებაა, სადაც ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მიღწევები რეგულაციების კუთხით, სადაც მკვეთრი გაუმჯობესება ფიქსირდება და აღსანიშნავია, რომ პოტენციურად არსებობს მისი კიდევ უფრო გაუმჯობესების საშუალება, რაც, ვფიქრობთ, ერთმნიშვნელოვნად აისახება კიდეც შემდეგი წლების რეიტინგებზე“, – აღნიშნა მიქაბაძემ.

მისივე თქმით, მეცხრე პოზიციიდან საქართველოს გადმოსვლა მეშვიდე პოზიციაზე არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებიც დღეს საქართველოში ტარდება.

დაზუსტებული მონაცემებით, 2016 წელს საქართველო 7-9 ადგილებს იყოფდა ავსტრალიასა და მავრიკის რესპუბლიკასთან, ხოლო 2017 წელს მე-9 ადგილზე იყო. „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2018 წლის რეიტინგი კი ასეთია: 1. ჰონგ-კონგი; 2. სინგაპური; 3. ახალი ზელანდია; 4. შვეიცარია; 5. ირლანდია; 6. აშშ; 7. საქართველო; 8. მავრიკის რესპუბლიკა; 9. გაერთიანებული სამეფო; 10. ავსტრალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები