“მინდა შევეხო ტაქსების ლიცენზირების თემას. დღეისთვის უკვე ორიათასზე მეტი ნებართვაა გაცემული,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ტაქსების მძღოლებს მოუწოდა, დროულად მოიპოვონ ნებართვა. კალაძის თქმით, გარკვეულ ზონებში ტაქსებისთვის სპეციალური სადგომები გამოიყოფა.
“ამასთან, მინდა დამატებით ვაცნობო ამ მომსახურების მიმწოდებლებს, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, სადაც მოთხოვნა მაღალია ტაქსის მომსახურებაზე, გამოიყოს სპეციალური ადგილები, სადაც დგომის უფლება ექნებათ მხოლოდ ტაქსებს. მივმართავ ჩემს მოადგილეებს – ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, დაიწყონ მუშაობა ასეთი ადგილების შერჩევასა და გამოყოფაზე, რომ ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპიდან მაინც ჩვენ შევძლოთ ტაქსებისთვის ასეთი ადგილების გამოყოფა,” – განაცხადა კალაძემ.