ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ხელისუფლების მუშაობის შედეგი მალე დადგება და „IDS ბორჯომი საქართველო“ პროდუქციის მწარმოებელი ქარხნების ამოქმედებას რამდენიმე დღეში შეძლებს.
„ბორჯომთან“ დაკავშირებით ორი საკითხია: ერთი ის, რომ კომპანიამ სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლოს – ეს უმთავრესი საკითხია. მთავრობა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს. ვმუშაობთ აქციონერებთან, რათა მოხდეს გარკვეული ცვლილებები და კომპანია არ იყოს საერთაშორისო სანქციების საგანი; ამავე დროს ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო მარეგულირებელთან, რომლის სანქციების ქვეშ დღეს კომპანიის დამფუძნებლები არიან და შესაბამისად, კომპანიის ფუნქციონირებას გარკვეული შეფერხებები აქვს; ვმუშაობთ საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მას იმედი აქვს, რომ რამდენიმე დღეში კონკრეტული ცვლილებები მოხდება, რაც კომპანიას თავისი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.