LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ბაზრობები დაანონსებულზე ადრე გაიხსნას

99
ქ

ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ბაზრობები დაანონსებულზე ადრე გაიხსნას. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ბაზრობების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ დროისთვის ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალი რჩება, თუმცა ეპიდვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, თარიღმა გადმოიწიოს.

„დღესდღეობით ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალია დასახელებული და ეს ნამდვილად ოპტიმიზმის საფუძველია, იმიტომ, რომ გვაქვს სხვა, არანაკლებ დაზარალებული სფეროები, რომლებზეც ჯერ ვერ ვასახელებთ თებერვლის განმავლობაში ასეთ თარიღს, რესტორნები, ზამთრის კურორტები. ვაკვირდებით რა იმას, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მეტ-ნაკლებად კონტროლირებადია და დადებითობის მაჩვენებელიც უმჯობესდება, არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეს ტენდენცია სტაბილურად გაგრძელდება, ბაზრობებისთვის ოპტიმისტური გადაწყვეტილება მივიღოთ და ამ თარიღმა უფრო ახლოს გადმოიწიოს, მაგრამ ამაზე დღესდღეობით დარწმუნებით ვერ ვიტყვით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„ლილოს მოლის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბაზრობების გახსნის თარიღი 15 თებერვლის იქით არ გადაიწევს.

„ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ და იმედია თარიღი არ გადაიწევს. ჯერჯერობით შაბათ-კვირას არ გვხსნიან და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი ვითარება იქნება შემდეგ კვირას. ეკონომიკური გუნდი ჩვენ მხარეს დგას, სურვილი აქვთ რომ მოგვყვნენ, რადგან სხვა გამოსავალი არაა, თავზე გვენგრევა ეკონომიკა“,- განმარტა კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები