ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 3 კვ.მ მწვანე საფარი მოდის. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ქრება ლურჯი ცა ქალაქის თავზე და მწვანე საფარი ქალაქში. უკონტროლოა როგორც ხეების ჭრა, ასევე დარჩენილი მცენარეების მოვლა-პატრონობა. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ დედაქალაქი ეკოკატასტროფის წინაშე დგას. დაავადებულია ჭადარი, ცაცხვი კატალპა და თითქმის ყველა წიწვოვანი.
“პარტიზანი მებაღე” ნატა ფერაძე ამბობს, რომ დედაქალაქში ეს პრობლემა დიდი ხანია, დაუდევრობის გამო დგას და ყოველწლიურად მწვავდება. ხშირ შემთხვევაში, არ დაავადებების პრევენცია, არც ხეების შეწამვლა და გახმობის შემდეგ, არც მათი მოჭრა დროულად არ ხდება, რაც კიდევ უფრო ზრდის საშიშროებას.
“მხოლოდ თბილისიც კი გლობალურ დათბობას დიდ სამსახურს უწევს. მწვანე ნარგავების რაიოდენობა მცირეა და კიდევ უფრო მცირდება. არადა მათი მოვლა მიზერულ თანხებთანაა კავშირში. მაგალითისთვის ვერაზე შევწამლეთ 30 ხე საკუთარი სახსრებით და დაგვიჯდა 3 ლარი,” – აცხადებს ფერაძე “ფორტუნასთან”.
მერიის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში, ნათქვამია, რომ კვლევის შედეგად, თბილისში არსებულ ხეებს დაავადებები ნამდვილად გამოუვლიდა და მათი შეწამვლა მოხდა. თუმცა გარემოს დამცველები ამბობენ, რომ გადადგმული ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა.
„ხე-მცენარეების მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები (წამლობა) უკვე განხორციელდა ვაკის პარკში, 9 აპრილის პარკში, რიყის პარკში, ვ. გოძიაშვილის პარკში, დიღმის ტყე-პარკში, ბარათაშვილის სკვერში, აღმაშენებლის გამზირზე, პაიჭაძის ქუჩაზე, კოსტავას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ლისის ტბის მიმდებარე კვაჭაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე, კუს ტბის ასასვლელში და ტბის გარშემო ტერიტორიაზე, ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე“
ხე-მცენარეების წამლობა თბილისის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება,” – ნათქვამია განცხადებაში.
მერიის თქმით, მერიამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, თბილისში, ქალაქზე მორგებული ხეების დარგვა, რადგან 30-40 წელში, იმ მცენარეებმა იგივე ფუნქცია შეასრულონ, რასაც გახმობამდე არსებული ხეები ასრულებს.
“იმის მაგივრად, რომ მერიამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლებიც მათივე თხოვნით შევიმუშავეთ (ხეების დარგვასთან დაკავშირებით) მილიონებს ხარჯავენ დეკორაციებში და ბუჩქებში, რომლის მომვლელიც კი არ ჰყავთ” – აცხადებს ფერაძე.