LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ეკო-ტრანსპორტ ცენტრი”–ის დირექტორი შსს-ს კანონპროექტის განხილვის გადადების მიზეზად არჩევნებს ასახელებს

51

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს ”საგზაო უსაფრთხოების” კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დროებით გადაიდო. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფაქტს სხვადასხვაგვარად გამოეხმაურნენ, განსაკუთრებით მწვავე ”ეკო-ტრანსპორ ცენტრი”-ის დირექტორის ვასო ურუშაძის განცხადება გახდა, რომელიც მან ექსკლუზიურად ”ავტორადიო”-ს მკითხველებისთვის მოგვაწოდა. გთავაზობთ ”ეკო-ტრანსპორ ცენტრი”-ს ოფიციალურ განცხადებას:

”ხელისუფლების მმართველ გუნდში აქტიურად დაიწყო მსჯელობა შსს-ს მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივებთან დაკავშირებით. სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო-ტრანსპორტ ცენტრი” კატეგორიულად ვეწინაღმდეგებოდით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას, ავტომობილების განბაჟების სისტემის შეცვლის გადადებას და გადახედვას, ასევე ვითხოვდით მართვის მოწმობების 100 ქულიანი სისტემის შემოღების გადადებას და აღნიშნულ საკითხებზე აქტიური საინფორმაციო  კამპანიის  დაწყებას.

ჩვენ  სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად  აქტიურად დავიწყეთ ადვოკატირების სამოქალაქო  კამპანია, გავმართეთ რამოდენიმე გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია და სხვადასხვა აქტივობები, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. შსს-ს სურდა კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით გაეტანაა, თუმცა, საპროტესტო აქციების ფონზე მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილების მიღება მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა და კანონპროექტი დარეგისტრირდა ჩვეულებრივი წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ  განხილვები გაგრძელდება მინიმუმ ორ თვეს.

დღემდე კანონპროექტის განხილვა პარლამენტში არ დაწყებულა, თუმცა დღეს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტში  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჩვენი ინფორმაციით მმართველ გუნდში განიხილება კანონპროექტის ამოქმედების ვადის წლის ბოლოსთვის გადადება, ამ შემთხვევაში მათი ტრაფარეტული მოტივი არის ის, რომ არ დაზარალდეს ბიზნეს სექტორი, თუმცა ეს ვარიანტი  რა თქმა უნდა რეალობას მოკლებულია. ის, რომ აღნიშნული კანონპროექტი დააზარალებდა ბიზნეს სექტორს, შსს-მ ძალიან კარგად იცოდა და მაინც შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, თუმცა, როცა ამას მოჰყვა სახალხო პროტესტი, საქართველოს ხელისუფლებაში პარტიული თანამდებობის პირები ალაპარაკდნენ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რადგანაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აწყოს პოტენციური ამომრჩეველის განაწყენება. შესაბამისად, გაიმარჯვა პარტიული თანამდებობის პირების იდეამ და დიდი ალბათობით კანონპროექტის ამოქმედება გადავადდება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო.

ეს, რა თქმა უნდა არის ჩვენი წარმატებული ადვოკატირების კამპანიის შედეგი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუმცა ფორმალურად ეს ყველაფერი დადასტურდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები  დაიწყება,  რაც  სავარაუდოდ,  თებერვლის მეორე ნახევარში მოხდება.

ჩვენთვის ასევე გაუგებარია, თუ რატომ მართავენ მთავრობის წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობა   დახურულ შეხვედრებს და რატომ არ არის ეს პროცესი გამჭვირვალე   არასამთავრობო   ორგანიზაციებისთვის.” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები