27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ჟურნალისტი ეკა წივწივაძე, რომელიც აფხაზეთიდან გახლავთ, ამ თარიღთან დაკავშირებით ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს, რომელსაც მშობლიურ მხარეს უძღვნის:
29 წლის წინ დავკარგე და მას შემდეგ ყოველ დღე ვკარგავ:
სახლს, რომელიც მახსოვს;
ქუჩას, რომელიც მენატრება;
ქალაქს, რომელიც დაცხრილეს;
და ზღვას, რომელიც ჩემია.
ვკარგავ ყოველდღე, როდესაც მანქანაში რუსულ სიმღერებს თვითონაც ვუსმენ;
ვკარგავ ყოველდღე, როდესაც სოხუმელების გულთბილი რუსული მისალმება მესმის და იქვე შენიშვნას არ ვიძლევი;
ვკარგავ, როდესაც ლარსთან ჩამომდგარ რუსების კოლონას ვხედავ და ვკარგავ, რადგან ჭუბერით გადმოსული დევნილების ფოტოებით არ ვეგებები;
ვკარგავ, როდესაც თბილისში გაბნეულ რუსებს დედაქალაქის ქუჩებს ვასწავლი და ვკარგავ, როდესაც მათ გაღიმებულ სახეებს მთელ სიმართლეს მხოლოდ გულში ვეუბნები;
ვკარგავ, რუსებით გადაძეძგილ ავტობუსებში, მეტროს საცობებში, გამოტენილ რესტორნებში…
ვკარგავ ისე, როგორც მამაჩემის ფარაჯას ეკარგება ფერები და დედაჩემის ალბომში ძველ ფოტოებს ხარისხი…
მაპატიე, რომ გკარგავ 29 წელია, მაგრამ იცოდე, რომ მახსოვხარ და ყოველ დღე მინდა დამიბრუნდე: დაკარგულიც, გათანგულიც, ნაომარიც, ნატყვიარიც, გაპარტახებულიც, უიმედოც, სევდიანიც…
რადგან შენ ხარ სახლი, შენ ხარ ქუჩა, შენ ხარ ქალაქი, შენ ხარ ზღვა, ზღვა რომელიც ჩემია…“