LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ჩხეიძე: „ასაკთან ერთად დავჭკვიანდი… ჩაკეტილი ვიყავი…“

476

ეკა ჩხეიძეს სასტუმრო „მუზეუმში“ შევხვდით და მის მყუდრო ვერანდაზე მსახიობთან ინტერვიუ ჩავწერეთ. თავის შვილს მსახიობობა არ ურჩია და ის ინტერიერის დიზაინს საზღვარგარეთ, კერძოდ, მილანში ეუფლება… თავად კი ამ პროფესიის არჩევა არასდროს უნანია. ერთადერთი, რასაც ნანობს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანების დაკარგვაა.

როგორ ახერხებთ მუდამ ასეთ ფორმაში ყოფნას?

ეკა ჩხეიძე:

არანაირი საიდუმლო არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ვიცვლები… ვცდილობ, არ ვინერვიულო ისეთ რამეზე, რასაც ვერ შევცვლი. ყოველთვის, როცა რაღაც პრობლემა მაქვს ან ვიღაცისგან მეწყინება, საკუთარ თავში ვცდილობ მისი საქციელის გამართლების პოვნას. თუკი მე ვარ დამნაშავე, ნაკლებად ვბრაზდები. მინდა, ასე იყოს და პრინციპში, ასეც არის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება. როცა დრო გადის, ხვდები, რომ რაღაცები ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა. მინდა, დადებითად შევხედო მოვლენებს. არ ვუყურებ ტელევიზორს, არ ვიშლი ნერვებს, ვცდილობ, ავირიდო ის ინფორმაცია, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს და მე ვერ შევცვლი. გარეგნობაზე ძალიან მეტყობა განწყობა, როგორც კი ვნერვიულობ, სულ რომ ვითამაშო, რომ კარგ ხასიათზე ვარ, ყველა მაინც მატყობს. მგონია, რომ ნერვული სისტემაა მთავარი იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე. ვცდილობ, ვიურთიერთო მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვინ პოზიტივს მაძლევს. იმ ადგილას არ დავდივარ, სადაც აუცილებლად უნდა ვიყო, თუკი არ მინდა და ჩემზე უარყოფითად მოქმედებს. დადებითი ემოცია და უარა საუკეთესო მკურნალია, კარგი განწყობა კი გარეგნობაზეც აისახება.

თქვენ მიმართ დიდი პოზიტივია, მაგრამ მაინც გკითხავთ, პოპულარობას რა მოუტანია უარყოფითი?

უფრო ჩანხარ, თითით საჩვენებელი ხარ და მოგეთხოვება მეტი. თავისუფლად, შენს ჭკუაზე ვერ იქნები, როცა ადამიანები გცნობენ, ჭორები ვრცელდება. ვცდილობ, არ ვითამაშო და ვიყო ბუნებრივი, ის, ვინც ვარ. იმიტომ არა, რომ საკუთარ თავს რამეს ვუკრძალავ… მსახიობი თუ ხარ, თუკი პრეტენზია გაქვს ამაზე, პოპულარობაც უნდა მოგწონდეს. გიყურებენ, გცნობენ, დადიან სპექტაკლებზე, გამოხატავენ მოწონებას. პოპულარობა კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ აქტუალური ხარ. უარყოფითი არაფერი მოუტანია. უცბად ვინმე კაფეში ან სადმე სხვა ადგილას რომ მოვა და სასიამოვნო რაღაცას გეტყვის, ძალიან გიხარია. კარგია, როცა ადამიანებს უყვარხარ, მოდის შენს სპექტაკლზე, უყურებს ფილმს. არავინ თქვას, რომ პოპულარობა არ უხარია. მაგისთვის ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ.

თეატრის მსახიობებიდან ზოგიერთს აღიზიანებთ, როცა ტელეეკრანზე გამოჩენის შემდეგ მათი პოპულარობა ათმაგდება, თეატრით კი ასეთ პოპულარობას ვერ მოიპოვებენ…

მე ნამდვილად არ მაღიზიანებს. ტელევიზორს მეტი უყურებს, ვიდრე სპექტაკლს, მაგრამ თეატრს ნამდვილად არ აკლია მაყურებელი. 8-9 წელი გადის ერთი და იგივე სპექტაკლი და დღემდე არ არის ბილეთი, თუკი მარჯანიშვილის თეატრზე ვისაუბრებთ. რასაკვირველია, ტელეეკრანზე გამოჩენით უფრო ამახსოვრდები მაყურებელს. შესაძლოა, ტელესერიალიდან გაგიცნოს და დააინტერესოს, როგორ თამაშობ თეატრალურ სცენაზე. ეს კარგი შედეგია.

გითქვამთ უარი რომელიმე როლზე?

ყოფილა ასეთი შემთხვევები. სერიალში მონაწილეობას მხოლოდ „ჩემი ცოლის დაქალების“ შემთხვევაში დავთანხმდი. არც ერთ სერიალს არ ვაკნინებ, მაგრამ სხვა დონის ნამუშევარია. თეატრშიც მითქვამს უარი, რადგან ჩამითვლია, რომ არ გამომივიდოდა. მსახიობი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, როლი, რომელზეც მუშაობას იწყებ, უნდა შეგიყვარდეს, ძალით მუშაობა არ მინდა. უნდა მიყვარდეს, ვგრძნობდე და მსიამოვნებდეს, რომ სხვას მივანიჭო სიამოვნება. ამ ყველა ფაქტორს ვითვალისწინებ. ჩემ თავს ვუქმნი კომფორტს პროფესიაშიც. თუკი კარგად ვგრძნობ თავს რეჟისორთან, პარტნიორებთან, ვგრძნობ, რომ კარგი რაღაც გამოვა. ხშირად დაწყებული საქმიდან წამოვსულვარ. რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ხარისხი. მირჩევნია, გარკვეული პაუზი მქონდეს, ვიდრე სულ ერთია სად და ვისთან ვითამაშო…

ასეთ პაუზებს უფულობის პრობლემა არ მოსდევს ხოლმე?

ფულის წყარო ჩვენი პროფესია არ არის. ათას ადგილას ვმუშაობ, ხან რეკლამაა, ხან გადაღებაა, ხან გახმოვანება. თეატრშიც სპექტაკლები მუდმივად არის, ვთამაშობთ და გვაქვს ხელფასი, თუ ამას ხელფასი ჰქვია.

ზოგადად, მსახიობობა ფინანსური კუთხით ჩვენს ქვეყანაში დაუფასებელია. რამდენსაც ჩვენ ვმუშაობთ, იმდენი სხვა, უფრო აწყობილ ქვეყანაში რომ გვემუშავა, ბევრად უკეთ ვიცხოვრებდით, თუმცა ვიღებთ იმ მოცემულობას, რაც გვაქვს. მაგრამ ფულის გამო არ მიფიქრია ამ პროფესიის არჩევა. სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც არ აქვთ დალხენილი ცხოვრება.

ყოფილა შემთხვევა, როცა ანაზღაურება ვერ მიგიღიათ?

ძალიან ბევრს გაწრუწუნებენ… ხანდახან ანაზღაურების გარეშეც წავსულვარ. ბევრჯერ უარიც მითქვამს ამის გამო, მაგალითად, რეკლამაში გადაღებაზე ან საღამოს წამყვანობაზე. არსებობს თანხა, რომელზეც ამგვარ სამუშაოს ვთანხმდები.

„ჩემი ცოლის დაქალები“ ახსენეთ. კატასთან რა გაქვთ საერთო, ხართ ძალაუფლების მოყვარული?

არა (იღიმის). არც შურისმაძიებელი ადამიანი ვარ. პირველობა მიყვარს, მაგრამ არ ვიბრძვი ისე, როგორც კატა იბრძოდა სერიალში. რაც მეძლევა, იმას ვიღებ, ძალით არაფერი არ მინდა. მჯერა, რომ იღბალსაც აქვს მნიშვნელობა, თუმცა მე რომ მებრძოლი და გამტანი ვყოფილიყავი, შეიძლება, მეტი მიმეღო ცხოვრებისგან.

ძლიერ ქალად არ მიიჩნევთ თავს?

როგორ არა, მაგრამ მაქვს ჩემი სისუსტეებიც. მაგალითად, ის, რომ ცრემლები მომდის ხშირად, ემოციური მომენტების დროს. ზოგადად, ემოციური ვარ. კარდიოგრამასავით დღეში რამდენჯერმე მეცვლება ხასიათი. სრულიად უბრალო რაღაცამ შეიძლება, გამაბედნიეროს ან პირიქით. თუმცა სიძლიერედ არ მიმაჩნია ის, რომ სხვას რაღაც დავაძალო, როგორც ამას კატა აკეთებდა. ამიტომაც ვერ მიიღო ვერაფერი ვერც კარიერაში და ვერც პირადში. მგონია, რომ მისი მიდგომა არასწორია. რაც მეტ სითბოს გასცემ, მეტს იღებ. რაც უფრო ლმობიერი ხარ, მით უფრო ლმობიერად გექცევიან. მე ასე მჯერა.

სიყვარულში მომთხოვნი ხართ?

ძალით ვერავის ვერაფერს გამოგლეჯ. ვცდილობ, გავცე ის, რისი მიღებაც მინდა, მხოლოდ მოთხოვნა სწორი არ არის. ასაკთან ერთად დავჭკვიანდი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ბევრი რამ უნდა მიმეღო და შემერგო. მერე მივხვდი, რომ სხვებსაც სიამოვნებთ რაღაცების მიღება. ახლა დავიწყე მეტი სითბოს გაცემა. ეს მეტად მსიამოვნებს. ჩაკეტილი ვიყავი და ახლა გავიხსენი…

ვიცი, რომ თქვენი გოგონა საზღვარგარეთ სწავლობს და ფინანსურად საკმაოდ გაგიჭირდათ მისი გაგზავნა.

ძალიან გაგვიჭირდა და დღემდე გვიჭირს. ბანკში გვიდევს ბინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბავშვების განათლებაში ფულის ჩადება გადაყრილი თანხა არ არის. ისე კარგად არის და იმდენად კარგად სწავლობს… მილანში სწავლობს ინტერიერის დიზაინს. ძალიან წარმატებულია და ერთი წუთით არ მენანება, რომ ასე მოვიქეცით. არც ერთი წუთით არ ვფიქრობ, რატომ გავუშვი-მეთქი. მაქსიმალურად მიიღო ის, რისი მიღებაც სურდა. ჯერ რომში სწავლობდა, შემდეგ ასპირანტურაში მილანის სასწავლებელში ჩააბარა. საუკეთესო სტუდენტად მიიჩნევა. წელს ამთავრებს. არ ვიცი, სად და როგორ გამოიყენებს თავის ცოდნას. ვნახოთ…

მსახიობობა არ უნდოდა?

უნდოდა, მაგრამ მე არ გავუშვი… ბავშვობაში მეტ-ნაკლებად მოილია სცენის სურვილი, ბალეტზე დადიოდა, ცეკვავდა, შემდეგ სპექტაკლებშიც მონაწილეობდა. სამსახიობო კარიერა მე არ ვურჩიე. ასე იქნებოდა სულ ჩემსავით იამზე დამოკიდებული, ვინ დაუძახებდა და ვინ დააკავებდა. ძალიან ჭკვიანი გოგონაა, მოსწონს სწავლა, 5 ენა იცის. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი გამოეყენებინა. მე არ შემეძლო ასე დაჯდომა და მეცადინეობა. ძალიან ზარმაცი ვიყავი და ვარ.

ნანობთ მსახიობობას?

არა!.. ყველაფერს თავიდან რომ ვიწყებდე, აუცილებლად იმავე გზას გავივლიდი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. მის გარდა არაფერი ვიცი. ძალიან მინდოდა ექიმობა, მაგრამ ჩემი სიზარმაცის გამო ამ ფაკულტეტზე ვერ ჩავაბარებდი. ასევე მინდოდა ცეკვა. ბავშვობაში სუხიშვილებში ვცეკვავდი, მაგრამ მამაჩემმა მითხრა, გეყოფა ახლა, დაჭკვიანების დროა. მამაჩემს უნდოდა, მის ხაზს გავყოლოდი. მიშა თუმანიშვილი იყვანდა ჯგუფს იმ წელს და მასთან მოვხვდი. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ მირჩიეს და ჩემი ცეკვაც დამთავრდა.

პროფესიის მიღმა რას ნანობთ და რას გამოასწორებდით?

პატარ-პატარა რაღაცებს ვნანობ. ზოგან არასწორად მოვიქეცი, ადამიანებს გული ვატკინე, ახლა ვხვდები… ახლა უფრო თბილი და ლმობიერი გავხდი. როცა ადამიანს აწყენინებ, მერე აუცილებლად ნანობ. პატიება შესაძლებელია, მაგრამ დავიწყება ძნელი, ის ურთიერთობა აღარ აღდგება, აღარ დაბრუნდება. მერე ნანობ, რომ ადამიანთან ურთიერთობა დაამთავრე… ამას გამოვასწორებდი.

მოკლედ, ასეა თუ ისე, სრულიად კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით…

სრულიად კმაყოფილი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან არავინაა სრულად კმაყოფილი და ბედნიერი, მაგრამ რაც მაქვს, იმით კმაყოფილი ვარ.

გადაღების ადგილი: სასტუმრო „მუზეუმი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები