LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგზემა

111
ეგზემა

ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. ეგზემის მიზეზი უცნობია.

დაავადებულთა ალერგიულ მდგომარეობას შესაძლოა ხელი შეუწყოს ქრონიკული ინფექციის კერებმა (ტონზილიტმა, სინუსიტმა, ქოლეცისტიტმა, აპენდიციტმა, პროსტატიტმა, კოლიტმა). აგრეთვე – სოკოვანი დაავადების გამწვავებამ, ნაწლავთა პარაზიტების ცხოველმყოფელობის პროდუქტებმა და ა.შ. გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი განწყობა დაავადების მიმართ.

განასხვავებენ დაავადების რამდენიმე კლინიკურ ფორმას: 

ქრონიკული ეგზემის მთავარი ნიშნებია კანის ინფილტრაცია, ლიქენიფიკაცია და აქერცვლა. ბუშტუკოვანი ელემენტები მხოლოდ პროცესის გამწვავებისას ჩნდება.

სებორეული ეგზემა, თავის თმიანი ნაწილიდან იწყება. ამ უბანზე სისველის შედეგად დიდი რაოდენობის ქატოსებრ, მონაცრისფრო-მოთეთრო ქერცლთან ერთად გროვდება უხვი ქერქი, რომელიც ზოგჯერ მთელ თავს ფარავს. ყურის ნიჟარების უკან კანი შეშუპებული, წითელი და სველია, დაფარულია ქერქით.  სებორეული ეგზემის მძიმე შემთხვევაში იქ, სადაც დაზიანება უფრო ინტენსიურია, თმა ცვივა. პროცესს თან სდევს ქავილი, წვა, ზოგჯერ – ტკივილი.

მიკრობული ეგზემა ვითარდება სოკოვანი დაავადების, ინფიცირებული ტრავმის, ჭრილობის, დამწვრობის, ქვემო კიდურების სისხლის მიმოქცევის მოშლის, ტროფიკული წყლულის დროს.

ვარიკოზული ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ტრავმები და სენსიბილიზაცია ვარიკოზული დაავადების სამკურნალო პრეპარატების მიმართ.

პროფესიული ეგზემა ვითარდება საწარმოო ალერგენებთან მრავალჯერადი კონტაქტის შედეგად, რომელიც წლობით გრძელდება. ბავშვებში ეგზემა ვლინდება ჭეშმარიტი, სებორეული და მიკრობული ფორმებით.

მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს ნერვული, ენდოკრინული დარღვევების ლიკვიდაციას, ჰიპოალერგენულ დიეტას. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასაკი და თანმხლები დაავადებანი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, პროფესია, ცხოვრებისა და კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები. განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ დიეტას. რეკომენდებულია მარილიანი, ცხარე, შებოლილი საკვების, შოკოლადის, კაკაოს, კვერცხის, ნიგვზისა და ციტრუსების შეზღუდვა. უკუნაჩვენებია ალკოჰოლი და თამბაქო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები