მამის მონახულების შემდეგ, ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმ გადასხმების წყალობით, რაც კლინიკაში უტარდება, სიკვდილის საფრთხე არ დგას.
“ამ თვეში ორჯერ ვნახე. ბოლოს ვნახე მაისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანამდე. მე მქონდა მოლოდინი, რომ მისი მდგომარეობა იქნებოდა უკეთესი ახლა. მაინც და მაინც არ შემიტყვია, რომ უკეთესად არის. ფერმკრთალობა, დაბალი ენერგია, ქცევაში უცნაური რაღაცები – ძალიან აშკარა არის ჩემთვის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არ არის კარგად. გადასხმებს უკეთებენ, მეც როდესაც შევედი გადასხმებს იკეთებდა იმ მომენტში და რთული სანახავია. სანამ ის „ვივამედში“ იქნება, ვფიქრობ, რომ დღეს-ხვალ სიკვდილის საფრთხე არ დგას, აი, ამ გადასხმების გამო და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. კარგია რომ “ვივამედში” მაინც არის. შეიძლება ეს არ არის ის, რაც საჭიროა მისი გრძელვადიანი რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ეს მაინც კარგია, ეს არის ის მინიმუმი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისთვის. ჩემი მიზანი არ არის, რომ „გამოვაძვრინოთ“, მე უბრალოდ მინდა, რომ მამაჩემი იყოს ჯანმრთელი. ციხიდან როდესაც გამოვა, რაღაც მომენტში უნდა გამოვიდეს, იმედია ციხეში არ მოკვდება, როგორც ზოგი ამბობს, თუ გამოვა ის ციხიდან, მინდა იყოს ჯანმრთელი, არა ინვალიდი, დაავადებული. ეს რთული წარმოსადგენია, თუ ეს ასე გაგრძელდა, რომ ის ჯანმრთელი გამოვიდეს, ძალიან სამწუხაროა”, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი “ტვ პირველთან” საუბრისას.