39 წლის კრეიგ სპენსერი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ებოლას ციების ჰემორაგიული ეპიდემიის გავრცელება, ისევ ფრონტის წინა ხაზზეა, თუმცა ახლა ის კორონავირუსს ებრძვის, რომელიც ბევრად სახიფათო დაავადებად მიაჩნია.
კარიერა დოქტორ სპენსერმა გვინეაში დაიწყო, 2014 წელს კი, ჯერ აფრიკაში, მერე სამხრეთ აზიაში გაემგზავრა და სწორედ იქ დაავადდა ებოლას ვირუსით, რომელიც ნიუ-იორკში ჩაიტანა და მძიმე ინფექციის მატარებელი მეოთხე პაციენტი გახდა შეერთებულ შტატებში. დღეს სპენსერი ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პრესვიტარიანული კლინიკის სამედიცინო ცენტრთან არსებულ იმ გლობალური ჯანდაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც ახალი კორონავირუსის COVID-19-ის აფეთქების ეპიცენტრში აღმოჩნდა და დეტალურად აღწერს საკუთარ სამუშაო დღეს.
ყველა ერთი სენითაა დაავადებული
მიმღებ განყოფილებაში მუშაობა დილის 8 საათზე იწყება. ექიმს მისვლისთანავე ატყობინებენ პაციენტის მდგომარეობას, რომელიც ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარების მიუხედავად მაინც იგუდება. სპენსერი მის ოჯახს უკავშირდება და ატყობინებს, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად იძულებულია ქალბატონი ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიაერთოს. ,,რამდენიმე წუთში ახლად შემომატებულ პაციენტზე მაწვდიან ინფორმაციას, მძიმედაა ავად. აქ ყველა ცუდადაა და ყველას სუნთქვის აპარატი სჭირდება. ორ პაციენტს ინტუბაციას ვუტარებ და დროებით სიცოცხლეს ვუნარჩუნებ, არადა ჯერ 10 საათიც არ გამხდარა”.
კრეიგის განცხადებით, პრაქტიკულად ყოველ წუთს ატყობინებენ პაციენტებზე, რომელთაც ან ცხელება აქვთ, ან სუნთქვის უკმარისობა, ან ჟანგბადის დაბალი შემცველობა სისხლში. “ძალიან მწყურია, მაგრამ ნიღბის მოხსნა არ შეიძლება, რადგან ის ერთადერთია, რაც მიცავს. რა თქმა უნდა, წყლის გარეშეც შემიძლია გაძლება, აფრიკაში, ეპიდემიის დროს საათობით ვერ ვიხდიდი დამცავ კოსტუმს, თუმცა, მაინც ძალიან მწყურია”.
საღამოს სპენსერი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, კაფეში ახერხებს წახემსებას, მანამდე კი, ორჯერ იბანს ხელებს, ფრთხილად იხსნის ნიღაბს და ისვ გულდასმით იბანს ხელებს, სწრაფად ვახშმობს და პაციენტებთან გარბის. ,,ყველას ერთნაირი სიმპტომები და ერთი დაავადება – კორონავირუსი COVID-19 აქვს. გასინჯვამდე აუცილებლად ხალათს ვიცვამ, დამცავ სათვალეს და ნიღაბს ვიკეთებ, რადგან მხოლოდ ასე შემიძლია დავიცვა თავი. უცნაურია, მაგრამ ძალიან მენატრება პაციენტები ინფარქტით და აპენდიციტით, სამწუხაროდ, ახლა ყველა ერთი ვირუსით იტანჯება”, – სინანულით აღნიშნავს ექიმი, რომელიც ცვლის დასრულების შემდეგ სწრაფად იხდის დამცავ კოსტუმს და დეზინფექციას უტარებს საკუთარ ნივთებს – ტელეფონს, საფულეს, ჩანთას და ყველაფერს, რაც მასშია მოთავსებული, ,,არ ღირს გარისკვა. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გაწმინდეთ, თავიდან დაიწყეთ, რადგან მხოლოდ ასე იქნებით დაზღვეული”, სახლში მისული კი, დერეფანშივე იხდის სამოსს, პირდაპირ აბაზანაში შერბის და მხოლოდ შემდეგ ურთიერთობს ოჯახის წევრებთან, რომელთაც მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ ნახულობს.
მხოლოდ თვითიზოლაცია გადაგვარჩენს
სპენსერის განცხადებით, მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება, რადგან პაციენტთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ექიმის აზრით, შეუძლებელია ინფექციის შეჩერება, თუმცა, სოციალური დისტანცირებით ჯერ კიდევ შეიძლება მისი გავრცელების შესუსტება და სწორედ ამიტომ მიმართავს მსოფლიოს მოსახლეობას:
,,შესაძლოა გსმენიათ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, მაგრამ ეს სიცრუეა. შესაძლოა გგონიათ, რომ ვირუსი თქვენ არ შეგეხებათ, მაგრამ ეს სიცრუეა. მე ებოლა გადავიტანე და ძალიან მეშინია COVID-19-ის. შეასრულეთ თქვენი წილი სამუშაო. დარჩით სახლში და გაუფრთხილდით საკუთარ თავს!”