LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ვაგზალი, შესაძლოა, გაუქმდეს

935

თბილისის შემოვლითი რკინიგზის 3 პროექტიდან ერთერთი თბილისის ცენტრალური სადგურის მთლიანად გადატანას გულისხმობს, ამის შესახებ სს ”საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორმა, გურამ გურამიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მეორე პროექტის მიხედვით, რკინიგზას ნაწილობრივ გადაიტანენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თბილისის ფარგლებში, 70 ჰექტარზეა განთავსებული, დედაქალაქში აღარ იქნება და დარჩება უშუალოდ რკინიგზა, 13 ჰექტარზე.

”ამ საკითხს, ქალაქდაგეგმარების გენერალური გეგმის შემუშავებასთან ერთად,  განიხილავენ და ქალაქის მოთხოვნებისა და ურბანული განვითარების შესაბამისად, პროექტის საუკეთესო ვარიანტს შეარჩევენ. თუ თბილისისათვის არის ამოცანა, რომ რკინიგზა მგზავრებისათვის ხელმისაწვდომი იყოს, მაშინ  ცენტრში უნდა დარჩეს რკინიგზა” – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

რაც ეხება ფეთქებადსაშიში და აალებადი ტვირთების ტრანსპორტირებას, როგორც სს ”საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორი აცხადებს, პროექტის სამივე ვარიანტი ითვალისწინებს, რომ მსგავსი სახის ტვირთი შემოვლითი რკინიგზით იყოს გადატანილი.

”გენერალური გეგმის საბოლოო დასკვნის დადების ვადა არის 18 თვე. გარკვეულ ეტაპზე, გვექნება ჩამოყალიბებული ვერსია და დაიწყება პროექტის განხორციელება ” – განაცხადა გურამ გურამიშვილმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები