საქართველო რუსეთთან დადებული 2011 წლის ხელშეკრულების შესრულებას იწყებს – ე.წ. საზღვრებს შვეიცარიული კომპანია SGS გააკონტროლებს.
რუსული მედიით ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დეზინფორმაცია ვრცელდება. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი რუსული მედიით გავრცელებულ ყველა ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ხელშეკრულებით არანაირი ახალი კორიდორების შექმნა გათვალისწინებული არ არის.
სახელმწიფო მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა და მისი შესრულება საერთაშორისო ვალდებულებაა, როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის.
„ხელშეკრულების ყველა პუნქტი, საერთაშორისო სამართლის ნორმებშია. აქ საუბარი იმაზე, რომ ვინმე საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლს განახორციელებს, არ არის. ე.წ. არც დამატებით მოძრაობაზეა რაიმე ნახსენები შეთანხმებაში – ეს არის უბრალოდ მონიტორინგი. გადაადგილების ობიექტებზე, რაიმე ახალ პოსტულატებს ეს შეთანხმება არ აჩენს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს რაღაც გარიგებაში შევიდა ქართული მხარე და თავდაპირველი პირობები დაარღვია, რაც მტკნარი სიცრუე და რუსული პროპაგანდაა.
რამდენად კარგია ან ცუდია ეს ხელშეკრულება, ამის განხილვაში არ შევდივარ. წინა ხელისუფლებამ მოაწერა იმ პირობებით ხელშეკრულებას ხელი, რაც არსებობს.
ჩვენი პრიორიტეტია – ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ პრინციპებიდან გამომდინარე მიიღება,“ – განმარტავს მინისტრი.
ციხელაშვილის განცხადებითვე, სად განთავსდებიან ეს წარმომადგენლები, შეთანხმებაში მონიშნულია. შესაბამისად, მისი თქმით, კორიდორებთან დაკავშირებით, კითხვები არ იქნება.
რაც შეეხება შიდა ვაჭრობის გააქტიურებას, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა აღნიშნულ ხელშეკრულებასთან კავშირში არ არის.
„ის, რომ ჩვენ გვინდა, გამყოფი ხაზების გასწვრივ შიდა ვაჭრობა წავახალისოთ, ეს არის სამშვიდობო ინიციატივა. საკანონმდებლო პაკეტი, მივიღეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და არც ამ ხელშეკრულებასთან და არც შვეიცარიულ კომპანიასთან, კავშირში არ არის,“ – განმარტა ციხელაშვილმა.
ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე დღეს ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შვეიცარიის საგარეო უწყებამ სხდომასთან დაკავშირებით პრესრელიზიც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს საბაჟო შეთანხმების განხორციელებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება, საგარეო საქმეთა მინისტრიც ეხმაურება.
დავით ზალკალიანის განმარტებით, ინფორმაცია მცდარია და მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია. საკითხზე კომენტარი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი განმარტებით, შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას. საუბარია მხოლოდ შვეიცარიელი ექსპერტების მიერ ტვირთების მონიტორინგზე.
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი საბაჟო დერეფნების პრაქტიკულ ამოქმედებაზე 2017 წლის 8 თებერვალს, პრაღაში შეხვედრისას შეთანხმდნენ. სავაჭრო დერეფნებს საერთაშორისო ტენდერით შერჩეული შვეიცარიული კომპანია SGS გაუწევს მონიტორინგს.