ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაზე „გრიფით საიდუმლოს” მოხსნას ითხოვს.
ჯანაშია აცხადებს, რომ აღნიშნულის შემდეგ საზოგადოება ნათლად დაინახავს, თუ რა აბსურდული ბრალი აქვს მას წარდგენილი.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას პრეზიდენტის 2013 წლის განკარგულებაზე „გრიფი” და არ გააგრძელოს ის მავნე პრაქტიკა, რაც შემოიღო მარგველაშვილმა და არ გახდეს პროკურატურის ხელში სადამსჯელო იარაღი შერჩევითი სამართლის და პოლიტიკური დევნის.
წერილებიდან გამომდინარე ამ განკარგულებების შინაარსი ისედაც ცნობილია, ის დართულია სასამართლოს მასალებს და საზოგადოება უფრო ნათლად ნახავს, რამდენად მიკერძოებულია, რეალობისგან დაცლილია ბრალი, რომელიც 8 წლის განმავლობაში მაქვს წაყენებული.
„გრიფის“ მოხსნის შემთხვევაში ვნახავთ, რომ სულ 5 განკარგულებაა, ეს დგინდება იმ წერილით, რომელიც მარგველაშვილის დროს მივიღეთ, შინაარსი კი მეორე წერილით, რომელიც სალომე ზურაბიშვილისგან მივიღეთ.
განკარგულებები შეეხება პრეზიდენტის და მისი ოჯახის წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, უბრალოდ დარჩა ერთი რამ – მხოლოდ ციფრები. საკმაოდ დიდი ციფრია, იმაზე მეტი, რასაც მე მედავებიან, თუმცა, ვთვლი, რომ ამ საიდუმლო განკარგულებების „გრიფის” მოხსნით ყველასთვის ცნობილი გახდება და საზოგადოება გაიგებს, რა სისულელესთან გვქონდა ამ 8 წლის მანძილზე საქმე”, – განაცხადა ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას 2009-2013 წლებში 8 მილიონ 300 ათასი ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან.