არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა, – ამის შესახებ ექიმმა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა ცხინვალში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს მან ექსპერტიზა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს ჩაუტარა.
„რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლები მთელი იყო“, – განაცხადა ტეხოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები.
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.