საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები გიორგი ფანცულაია და მია ნოზაძე გაუთქმელობის ვალდებულების ნორმის შეცვლას მოითხოვენ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია დღესვე განიხილავს, აღნიშნული ნორმის წინასწარ შეჩერებას, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, გაუთქმელობის ვალდებულების ამ ფორმით არსებობა დაცვის მხარეს ხშირ შემთხვევაში ზიანს აყენებს და შეჯიბრებითობის პრინციპს არღვევს.
”ეს ნორმები არ ეხება მხოლოდ “ციანიდის საქმეს”, არამედ გვხვდება ბევრ გახმაურებულ საქმეზე, სადაც სახელმწიფოს სურვილი უჩნდება ფაქტების დამალვის და დაცვის მხარეს ავალდებულებენ გაუთქმელობის ვალდებულებას. შესაბამისად, ხდება შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა, რადგან ჩვენ ვერ ვახერხებთ სათანადო მტკიცებულებების მოპოვებას”, – აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.
სადავო მუხლებია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტთან, მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-6 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით და პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.