LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი ქართული საახალწლო ტრადიციები, რომლებზეც აქამდე არაფერი გსმენიათ!

1362

გვანცა არჩვაძე, ეთნოლოგი გვესაუბრება იმის შესახებ, რა ტრადიციები გვქონდა საახალწლოდ ქართველებს ძველად. გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, რომ ძველად სამეგრელოში ოჯახის უფროსი 31 დეკემბრის ღამეს შინ არ ათევდა…

გვანცა არჩვაძე:

ძველადაც, ისევე, როგორც ახლა, ახალი წელი ძალიან გამორჩეული დღესასწაული გახლდათ საქართველოში და ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ. მეშვიდე საუკუნემდე აღინიშნებოდა აგვისტოს პირველ რიცხვებში, მეშვიდე საუკუნიდან ახალი წლის აღნიშვნა დაიწყეს სექტემბერში, მეცხრე-მეათე საუკუნიდან პირველი იანვარი შემოვიდა, თუმცა დარჩა პირველი სექტემბერიც, როგორც საეკლესიო აღნიშვნა. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნიდან კი დაწესდა პირველი იანვარი.

ახალ წელს დასავლეთ საქართველოში კალანდა ერქვა. აქედან მოდის ასევე ჩიჩილაკის ტრადიციაც. ის თხილის ხისგან მზადდებოდა, ბურბუშელებს კი ბასილის წვერებს ეძახდნენ, ბასილი დიდის პატივსაცემად. გურიასა და სამეგრელოში ახალი წლისთვის მზადებას ორი კვირით ადრე იწყებდნენ. ჩიჩილაკი ალბათ, უფრო მეტად უკავშირდებოდა წარმართულ ტრადიციას და უნდა ყოფილიყო სიცოცხლის ხის თაყვანისცემასთან დაკავშირებული, შემდეგ გარკვეული წარმართული ტრადიციები ასე ვთქვათ, გადაკეთდა.

სამეგრელოში ოჯახის უფროსი 31 დეკემბრის ღამეს სახლის გვერდით, სხვა სადგომში ათევდა ღამეს და არა ოჯახის წევრებთან ერთად. დილას წყაროზე ჩავიდოდა, მუჭში მარცვლეულით, ამ მუჭს ჩაყოფდა წყალში და თუკი მისი ამოღების შემდეგ მარცვლეული დასველდებოდა, ე.ი. წვიმიანი წელი იქნებოდა, თუ არ დასველდებოდა, გვალვა იყო მოსალოდნელი. ასე ვთქვათ, ამინდის წინასწარმეტყველება იყო (იღიმის). შემდეგ შინ ბრუნდებოდა, წყაროს წყალი და ჩიჩილაკი მიჰქონდა და ოჯახის მეკვლეც სწორედ ოჯახის უფროსი გახლდათ. შინ შესული წყალს მიმოაფრქვევდა და მიულოცავდა ოჯახს ახალი წლის დადგომას. ასევე ახალი წლის საღამოს კიდევ ერთი ტრადიცია უკავშირდებოდა, კაკალს ჩამოიღებდა და ოჯახის ყველა წევრის სახელზე ტეხდა, თუკი რომელიმე ფუყე აღმოჩნდებოდა, ეს არ იყო კარგის ნიშანი და იმ ოჯახის წევრს წმინდანებს შეავედრებდა.

გურიაში ოჯახის უფროსი მარანში შედიოდა და საზედაშე ქვევრთან მდგომი დალოცავდა ოჯახის წევრებს, სხვადასხვა წმინდა შეავედრებდა მათ.

აღმოსავლეთ საქართველოშიც დაახლოებით იგივე ტრადიციები იყო. აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სარიტუალო პურების გამოცხობას, არა მხოლოდ ოჯახის ყველა წევრისთვის, არამედ შინაური ფრინველისთვისაც. მათ ბედის კვერებს ეძახდნენ, თუ კვერი კარგად ამოფუვდებოდა, იმ ოჯახის წევრს კარგი წელი ელოდებოდა, თუ ჩავარდებოდა – არცთუ კარგი.

ქართლში აცხობდნენ უფრო დიდი ზომის პურებს და მათ უწოდებდნენ აბრი-პურებს. მასზე აწყობდნენ ყველა საახალწლო ტკბილეულს და ასე ხელდამშვენებულები მიდიოდნენ სტუმრად. შემდეგ აბრი-პური ხის გობმა შეცვალა. მოგვიანებით, ამ ჭურჭელს აბრამიანი დაერქვა.

საინტერესოა, რომ ახალი წლისთვის ასევე ცხვებოდა ადამიანის ფორმის ფიგურა, ბასილი დიდის პატივსაცემად და მას ბასილას უწოდებდნენ. სავარაუდოდ, ესეც წარმართული ტრადიცია უნდა ყოფილიყო, რომელმაც მოგვიანებით, ფერი იცვალა. ბასილა ყველას უნდა ეჭამა, რადგან მისი წყალობა არ მოჰკლებოდათ. სხვათა შორის, პირველი იანვარი ბასილი დიდი ხსნებეის დღე გახლავთ.

მთაშიც, მაგალითად, ხევსურეთში, აცხობდნენ სამეკვლეო პურს, მეკვლე მას სახლში შეაგორებდა, თუ წაღმა დავარდებოდა, კარგის ნიშანი იყო… მთაში მეკვლე ხატში მიდიოდა, იქ ლუდს ხარშავდნენ, რომელიც მეკვლეს პურთან ერთად მიჰქონდა ოჯახში, ლუდი ხომ საფუარისგან მზადდება, საფუარი კი ბარაქის ნიშანია და ლუდს მოასხამდა შესვლისთანავე. მეკვლეს სიტყვები, რომლესაც დღესაც იყენებენ, ძველადაც გამოიყენებოდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი“, „ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო…“ მეკვლე სამჯერ აკაკუნებდა და დიასახლისი მხოლოდ სამი დაკაკუნების შემდეგ უღებდა კარს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები