უახლოეს მომავალში ლეგენდარული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი Nissan GT-R არსებობას შეწყვეტს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ავტომწარმოებლები ნელ-ნელა ამცირებენ ბენზინზე მომუშავე ძრავების წარმოებას და სულ უფრო მეტ დროს უთმობენ ახალ ტექნოლოგიებს…
ეს ”პრობლემა” შეეხო GT-R-საც, რომელიც Nissan-ის მესვეურების გეგმის მიხედვით, ჰიბრიდული გახდება და მასში მოთავსებული იქნება 3,8 ლიტრიანი ჰიბრიდული ძრავი. ჰიბრიდულ ძრავზე გადასვლა, აეროდინამიკულ ცვლილებებსაც მოითხოვს, რის შედეგადაც, ლეგენდარული GT-R შეიძლება საერთოდ ვეღარ ვიცნოთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბენზინის ძრავზე მომუშავე ახალი მოდელი 2018 წელს გამოჩნდება და რამდენიმე წლის განმავლობაში კვლავ სტანდარტულ ვერსიას ვიხილავთ…
ზემოთხსენებულ ვერსიაში, რომელიც 2018 წელს გამოჩნდება, მოთავსებული იქნება სტანდარტული 3,8 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავი, თუმცა მისი სიმძლავრე 570 ცხენის ძალამდე გაიზრდება. რაც კოსმეტიკური რესტაილინგით იქნება გამოწვეული…
Nissan GT-R-ის ისტორია ჯერ კიდევ შორეულ 1957 წელს იწყება, როდესაც კომპანიამ Prince პირველი Skyline ALSI-1-ის წარმოება დაიწყო. იმ დროისთვის ავტომობილში 1,5 ლიტრიანი ძრავი იყო მოთავსებული, რომლის სიმძლავრეც 60 ცხენის ძალას შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მაშინდელი ავტომობილები, სულაც არ იყო ისეთი პოპულარული, როგორიც დღეს Skyline-ს ხსენებისას წარმოგვიდგენია…
1968 წელს Princie ყიდულობს Nissan-ს და კვლავაც აგრძელებს ზემოთხსენებული ავტომობილის წარმოებას. ავტოსამყაროსთვის ეს მოვლენა ახალი ეპოქის დასაწყისად იქცა და 1989 წელს გაყიდვაში ჩნდება მერვე თაობის Nissan Skyline ინდექსით R32, რომელიც საკულტო ავტომობილის პირველი ლეგენდარული ვერსია ხდება. სწორედ 1989 წელს გამოჩნდა წარმოებაში GT-R მოდიფიკაცია, რომელზეც კომპანია ზუსტად 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.
უკვე 1993 წელს გაყიდვაში ჩნდება მეცხრე თაობის Skyline R33, თუმცა GT-R ვერსია მხოლოდ 5 წლის შემდეგ ჩნდება, რაც ავტომობილის უფრო გაძლიერებას და ძირეულ ცვლილებებს იწვევს როგორც დიზაინში, აგრეთვე ტექნიკურ მახასიათებლებშიც.
Skyline R33 GT-R-ის გამოჩენიდან რამდენიმე თვეში წარმოებაში ეშვება მეათე თაობის ვერსიაც, რომელმაც ინდექსად R34 მიიღო და სწორედ ამ მოდელით მიიცია უდიდესი ყურადღება Nissan-მა, რაც წინამორბედებისგან განსხვავებული ტექნუკური დეტალებით, გაუმჯობესებული ძრავით, სპორტული მიღწევებითა და საკულტო ფილმ ”ფორსაჟში” მონაწილეობით იყო გამოწვეული.
ამ ყველაფრის შემდეგ კი Skyline წარმოება ნელ-ნელა მცირდება და იწყება V35 მოდიფიკაციით აღჭურვილი ვერსიების დამზადება, რომელსაც V36. ამ მოდელების წარუმატებლობამ, კომპანიის მესვეურები მიიყვანა იმ აზრამდე, რომ დაემზადებინათ ახალი, თანაც კვლავ სპორტული ვერსია და სწორედ 2008 წელს, Nissan-ის სერიულ ხაზში ჩნდება პირველი თაობის GT-R, რომელიც უკვე ცალკე მოდელად გადაიქცა და არანაირი კავშირი აღარ აქვს Skyline-სთან. სწორედ ამ მოდფიიკაციით იწარმოება Nissan GT-R აგერ უკვე 8 წელია, თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე ეს ავტომობილი უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ამასთანავე, განახლებული ვერსიები მინიმალური ცვლილებებით ჩნდება საავტომობილო ბაზარზე.
როგორი იქნება ის ჰიბრიდული მოდიფიკაციების შემდგომ, ავტომოყვარულებისთვის კვლავაც გამოცანად რჩება, თუმცა ყველა იმედოვნებს, რომ ლეგენდა ლეგენდად დარჩება და ”მწვანე” ტექნოლოგიური რაფინირების მსხვერპლი არ გახდება, რაც საავტომობილო სამყაროსთვის უცხო ნამდვილად არ გახლავთ.
სწორედ მსგავსი სცენარით განვითარდა კიდევ ერთი ლეგენდარული ავტომობილის Mutsubishi Evolution ისტორიაც. თავდაპირველად სტანდარტული ტურბინიანი ძრავის ნაცვლად Toyota Prius-ის მსგავსად 1.0 ლიტრიანი ძრავით უნდა გამოჩენილიყო, რაც ამ ავტომობილის ისტორიის დასასრულს ნიშნავდა, თუმცა ბოლო მომენტში, Mitsubishi-ს მესვეურებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და უარი თქვეს ჰიბრიდული Evolution-ის წარმოებაზე…