LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი ავტომობილი თუ ჯანსაღი გარემო?

136

სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ რაც შეიძლება ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, ახალი და ნაკლებადდაზიანებული ავტომობილით განახლდეს ავტოპარკი – ამის  შესახებ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის შეფასებისას, განაცხადა. უწყების ინფორმაციით, ახალი ავტომობილების აქციზის გადასახადი დაიკლებს, ხოლო ძველ  მანქანებზე, პირიქით, მოიმატებს.

როგორც ოგბაიძემ აღნიშნა, ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, 13-14 წლის ასაკის, 8-10 ათასდოლარიანი ავტომობილის შეძენა, მას უნდა მიეთითოს, რომ, სჯობს, იმავე ფასად, ახალი ავტომობილი იყიდოს.

”სამწუხაროდ, საქართველოს ავტოპარკის განახლება, ხშირ შემთხვევაში, ხდებოდა ძალიან ძველი ავტომობილებით. ახალი ავტომობილების განბაჟებამ მოიკლო, ხოლო ელექტრომობილების განბაჟება საერთოდ ნულია. დღეს რომ ვინმემ შეიძინოს ელექტრომობილი, საბაჟოზე არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევს. არასამთავრობოები ვცდილობთ, ჰიბრიდულ ავტომობილებზე დაბეგვრის განსაკუთრებული რეჟიმი გავრცელდეს. კონკრეტულად, ჩვეულებრივთან შედარებით,  ჰიბრიდულის განბაჟება განახევრდეს” – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, დედაქალაქში ავტომობილის გამონაბოლქვი  არის 96 პროცენტი, რაც ყოველ წელს იწვევს 9500-10000 ახალი ავადმყოფის მიმართვას  ონკოლოგიურ საავადმყოფოში.

”ეს ნიშნავს ბევრ ბავშვში სისხლის გათეთრების ნიშნების, ანემიისა და რესპირატორული დაავადებების გაჩენას. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ოჯახის წევრების ჯანმრთელობა” – განაცხადა ოგბაიძემ

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და დამტკიცდეს ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც, ერთი მხრივ, არ დააზარალებს საშუალოშემოსავლიანი მოქალაქეების ინტერესს და, მეორე მხრივ, უნდა წახალისდეს ახალი ავტომობილების შეძენა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები