LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველ თბილისში დაკიდული ბაღები გაშენდება (ფოტოები)

1767

ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, იჯარის წესით, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც“-ს გადაეცა.

თბილისის მერიის ცნობით, კომპანიას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონსტრუქციის გამოყენებით ე.წ. „დაკიდული ბაღები“-ს მოწყობის ვალდებულება აქვს.

ამასთან, საიჯარო პერიოდში, კომპანიამ აიღო ვალდებულება  სკვერის რეაბილიტაციის მიზნით 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

“აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში, 19747 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად აღდგება პარკის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, განახლდება არსებული და მოეწყობა ახალი საფეხმავლო ბილიკები,  სკამები, აღდგება მწვანე საფარი და სარწყავი სისტემა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საიჯარო პერიოდში კომპანია სკვერის მოვლა-პატრონობას თავად უზრუნველყოფს. შესაბამისად, ქალაქს კიდევ ერთი აქტიური სარეკრეაციო ზონა შეემატება.

შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც“-ისთვის ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ  მერიის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე წლის 1 ნოემბერს მიიღო.