სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეცხოველეობის მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს. როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი კვლევით სამუშაოებს ორი მიმართულებით ახორციელებს: ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების მოძიება, აღდგენა-გაუმჯობესება და ინდუსტრიული მეცხოველეობის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფა.
მათივე ინფორმაციით, ცენტრის სპეციალისტებმა საქართველოს მასშტაბით ძროხის ქართული მთის ჯიშის, კახური ღორის, ადგილობრივი ქათმისა და ჩალისფერი ინდაურის პოპულაციების ტიპიური ინდივიდები მოიძიეს.
”მათ ბაზაზე შეიქმნა საკოლექციო ჯგუფები, რომლებიც თელეთის მეცხოველეობის საცდელ ფერმაშია განთავსებული. ამჟამად, მიმდინარეობს ჯგუფებში არსებული სულადობის გამრავლების და სამეურნეო-ბიოლოგიური მაჩვენებლების შესწავლის სამუშაოები. სამომავალოდ დაგეგმილია ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების გენეტიკური ბანკის შექმნა”, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეცხოველეობის საკოლექციო ფერმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.