LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძნელად მისადგომ და მოშორებულ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად ძალისხმევას ვაძლიერებთ: წითელი ჯვარი

83
1

“საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი ვაქცინაციის პროცესში, ისინი შემდგომშიც იმუშავებენ თემების დონეზე ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიებში, დაეხმარებიან მოსახლეობას ვაქცინაციაზე დარეგისტრირებაში და მონაწილეობას მიიღებენ ვაქცინაციის მსურველთა რიგების მართვაში. ” – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვარი ავრცელებს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია აძლიერებს ძალისხმევას ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად ძნელად მისადგომ და მოშორებულ ადგილებში.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, მოხალისეები ამ საქმიანობით თავის წვლილს შეიტანენ პროცესის წარმატებით, ეფექტიანად და უსაფრთხოდ წარმართვაში.

“კოვიდ-19 ვაქცინებზე სამართლიანი წვდომის უზრუნველყოფა, ისე, რომ არავინ იქნას გამორჩენილი, საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომლითაც ის უერთდება საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას გლობალური პანდემიის ამ მეტად რთულ ეტაპზე. აქ საქართველოში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელსაც მხარს უჭერენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორები – ICRC და IFRC, იმთავითვე წინა რიგებში იდგა კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს წითელი ჯვარში ამბობენ, რომ დღეს ვირუსის სხვადასხვა შტამი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, ამდენად ვითარება უფრო და უფრო საყურადღებო ხდება:

“ეფექტური ვაქცინების მზარდი რაოდენობა იმედის მომცემია, მაგრამ ამ ვირუსის კონტროლი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ყველა ხელს შევუწყობთ ვაქცინაციის მიზნით გაწეულ ძალისხმევას.

საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი ვაქცინაციის პროცესში, ისინი შემდგომშიც იმუშავებენ თემების დონეზე ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიებში, დაეხმარებიან მოსახლეობას ვაქცინაციაზე დარეგისტრირებაში, მონაწილეობას მიიღებენ ვაქცინაციის მსურველთა რიგების მართვაში, რითაც თავის წვლილს შეიტანენ პროცესის წარმატებით, ეფექტურად და უსაფრთხოდ წარმართვაში.” – განაცხადა წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი 3-4 ივლისს ახალქალაქისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ.

ისინი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალქალაქისა და ხულოს ფილიალების წარმომადგენლებსა და მოხალისეებს, ასევე მუნიციპალიტეტის, თემებისა და რელიგიურ ლიდერებს შეხვდნენ და კოვიდ-19 ვაქცინაციის მიმდინარე პროცესი და მისი მნიშვნელობა განიხილეს.

ვაქციანციის მნიშვნელობაზე ისაუბრა წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში სევერინ შაპაზმა და აღნიშნა, რომ “არავინ არ იქნება დაცული, სანამ ყველა არ იქნება დაცული”:

“ძალზე მნიშვნელოვანია ვაქცინების სამართლიან ხელმისაწვდომობაზე ფოკუსირება, მათთვის, ვინც ყველაზე მეტად ექვემდებარება რისკებს, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ და მოშორებულ ადგილებში, აგრეთვე იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ რამდენად მოტივირებული და ჩართულები არიან საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები ამ პროცესებში, რითაც თავისი წვლილი შექვთ გლობალურ ძალისხმევაში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, მოსახლეობის ინფორმირებულობაში ვირუსის რისკებზე და ვაქცინაციის როლზე მის დამარცხებაში.” – აღნიშნა მან.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს წითელი ჯვარი და წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტი წლებია თანამშრომლობენ ადგილობრივი თემების გასაძლიერებლად ეროვნული საზოგადოების ფილიალების მეშვეობით.

ამჟამად, ამ თანამშრომლობის საშუალებით, წითელი ჯვარი აძლიერებს ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს ვაქცინაციის პროცესს მოშორებულ და ძნელად მისადგომ ადგილებში და მისი ფილიალები ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები