LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და მეწყრული პროცესები განვითარდა – უამინდობა ქობულეთში

118
kobuleti.

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩის მონაკვეთი დაიტბორა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ განაცხადა, სოფელ დაგვასა და ქვედა სამებაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ორი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას.

მისივე განცხადებით, ქობულეთში მდინარე აჭყვას წყლის დონის მატების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასოფლო – სამეურნეო მიწები დაიტბორა. ადგილზე ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან.

„წვიმის შედეგად, სოფლებში მეწყრულ პროცესები განვითარდა. საერთო ჯამში სოფლებიდან 19 შეტყობინება შემოვიდა. მეწყრული პროცესები როგორც გზებზე, ასევე საცხოვრებელ სახლებთან დაფიქსირდა. ძირითადად მეწყერი გზებზე არის ჩამოწოლილი. უსაფრთხოების მიზნით, სოფელ დაგვასა და ქვედა სამებადან ორი ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო. ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან. ამასთან, მომატებულია მდინარე აჭყვის წყლის დონე, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე სახლებისა და საყანე მიწების დატბორვა გამოიწვია. ქალაქის ტერიტორიას რაც შეეხება,საგანგაშო არაფერია, ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი თანამშრომლები მობილიზებული არიან ყველა ლოკაციაზე”, – აცხადებს ქობულეთის მერი.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, შექმნილია სალიკვიდაციო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი